„ნაციონალებს“ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეობაზე უარი უთხრეს
საპარლამენტო უმრავლესობამ უმცირესობას საგამოძიებო
კომისიის თავმჯდომარეობაზე უარი უთხრა. პარლამენტში
გამართულ იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების სხდომაზე დეპუტატებმა უმცირესობის
ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ
ვახტანგ ხმალაძემ კომიტეტის გადაწყვეტილების
მიზეზები განმარტა. მისი თქმით, გაუწონასწორებელი კონსტიტუციის პირობებში, როდესაც
ქვეყნის პრეზიდენტი მრავალმხრივი უფლებებით არის აღჭურვილი, უმცირესობის ინიციატივის
მხარდაჭერა ხელისუფლების განშტოებებს შორის დისბალანსს გაზრდიდა.
საპარლამენტო უმცირესობაში კი ამტკიცებენ, რომ უმრავლესობა
არ აპირებს მის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაცემული დაპირებების შესრულებას. ამის
არგუმენტად „ნაციონალ“ პავლე კუბლაშვილს დღვანდელი შემთხვევა მოჰყავს.
„მარტივია დასკვნის გაკეთება. უმრავლესობამ არ დაუჭირა
მხარი იმ ინიციტივას, რომელსაც მათი წინასაარჩევნო პროგრამა ითვალისწინებდა. კერძოდ,
მათ პროგრამაში აღნიშნული იყო, რომ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაში უმცირესობა
უმრავლესობით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, ხოლო
კომისიის თავმჯდომარე უმცირესობიდან უნდა არჩეულიყო,“ - ამბობს პავლე კუბლაშვილი.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე