2013 წლის ბიუჯეტი უმრავლესობა-უმცირესობას შორის უთანხმოების საფუძველი ხდება
ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უმრავლესობა-უმცირესობას
შორის მორიგი უთანხმოების საფუძველი ხდება.
უმცირესობის მტკიცებით, „ოცნება“ წინასაარჩევნო დაპირებების
შესრულებას არ პირებს, რადგან ახალ, დაახლოებით 9 მილიარდიან ბიუჯეტში ამის შესახებ
არაფერია ნათქვამი. უმრავლესობაში კი უმცირესობის პრეტენზიებს არ იზიარებენ.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის პავლე კუბლაშვილის
განცხადებით, 2013 წლის ბიუჯეტი პოლიტიკური მოტივით არის შემცირებული. კუბლაშვილის
თქმით, ბიუჯეტში არ დევს თანხები უფასო განათლების, დაზღვეულთა რაოდენობის გასაზრდელად,
საგაზაფხულო სამუშაოების საწარმეობლად და კოალიციის მიერ ნაკისრი სხვა ვალდებულებების
შესასრულებლად.
„დაახლოებით 300 მილიონით არის შემცირებული რეგიონების
თანხები და რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ეს არის
პოლიტიკური მოტივით შემცირებული ბიუჯეტი, რადგან ჩვენ დავსვით კითხვა, როგორ აპირებს
ხელისუფლება ტარიფების შემცირებას, დაზღვეულთა მეტი რაოდენობის მიღწევასა და პენსიების
ზრდას, თუმცა ამაზე პასუხები ვერ მივიღეთ,“ - ამბობს კუბლაშვილი.
ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით უმცირესობის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს უმრავლესობაში
პასუხობენ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელის დავით ონოფრიშვილის თქმით,
საქართველოს მოსახლეობისათვის უკვე 9 წელია გაუგებარი იყო რატომ არ ასრულებდა
დაპირებებს „ნაციონალური მოძრაობა“.
„მოსახლეობისათვის გაუგებარია ამ ხნის განმავლობაში
„ნაცმოძრაობამ“ რატომ ვერ შეძლო პენსიის გაზრდა საარსებო მინიმუმამდე,
რასაც „ქართული ოცნება“ 2013 წელს შეასრულებს. მოსახლეობისათვის დიდი ხანია გაუგებარი
იყო რატომ არ ზრდიდა „ნაციონალური მოძრაობა“ სოციალურ დახმარებებს. ამ ბიუჯეტში ათობით
და ასობით მილიონის ხარჯის ნაცვლად, რომელიც მათ საკუთარ გართობასა და მოგზაურობებზე
იყო გათვლილი, ჩვენ მომავალი წლიდან სოციალურ დახმარებებს გავაორმაგებთ. ასევე, შესრულდება
დაპირება ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევასთან დაკავშირებით. ეს არის საპარლამენტო ციკლი
და ყველა ეს დაპირება 4 წლის განმავლობაში არის გაწერილი. 2013 წლიდან ყველა იმ მნიშვნელოვანი
დაპირებების შესრულება დაიწყება, რომლის გამოც ხმა მოგვცა ჩვენ ქართველმა ხალხმა,“
- ამბობს დავით ონოფრიშვილი.
საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელის თქმით,
მომავალი წლის ბიუჯეტში 220 მილიონის ფარგლებში დაფინანსდება სოფლის მეურნეობის სფერო.
ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების გარდა, სოფლის მეურნეობის სფეროს განკარგულებაში
იქნება ერთმილიარდიანი ფონდიც.
„საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის ფაქტია, რომ მიხეილ
სააკაშვილის მთავრობამ 9 წლის განმავლობაში დაანგრია სოფლის მეურნეობა ამ ქვეყანაში.
ამ ხნის მანძილზე განახევრდა ფართობები, მოსავლიანობა, ნათესები. სოფლის მეურნების
სფეროს ბიუჯეტი 1%-ზე ნაკლები იყო, რაც ნებისმიერი პატარა სამინისტროს ხარჯზე ბევრად
ნაკლებია,“ - ამბობს დავით ონოფრიშვილი.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე