|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოში „ნაციონალების“ რიგები კიდევ 5–მა დეპუტატმა დატოვა

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალებში“ დეპუტატების რაოდენობა კიდევ ხუთით შემცირდა. ფრაქციის რიგები მანანა კიკაბიძემ, ირინე ივანეიშვილმა, აკაკი სიხარულიძემ, ნოე კუხიანიძემ და ვიტალი ბოჭორიშვილმა დატოვეს. ხუთივე მათგანი საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით მოხვდა.

საკრებულოს აპარატში აცხადებენ, რომ აღნიშნულმა პირებმა  ფრაქციის რიგებიდან გასვლის შესახებ განცხადებით აპარატს უკვე მიმართეს. როგორც აპარატის უფროსი ვანო ჟორჟოლიანი ამბობს, საკრებულო მათ განცხადებებზე იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალების“ თავმჯდომარე კახა ნემსიწვერიძე ამბობს, რომ მისთვის კოლეგების გადაწყვეტილება სასიამოვნო ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ „ჩვენთან  არ არის ტერორი და დაშინება. ამ დეპუტატებს  თავისი შეხედულებები აქვთ და ეს მათთვის უზენაესია. ქალაქის საკრებულო მუშაობს იმაზე, რომ მოქალაქეებისათვის სასიკეთო საქმეები აკეთოს და ეს ორივე პოზიციისათვის ასე უნდა იყოს.  ქუთაისის საკრებულოში დიდი პოლიტიკა არ იჭრება. ჩვენ პოლიტიკურ ვექტორს ვერ ვცვლით,“ - ამბობს კახა ნემსიწვერიძე.

იმ ხუთი დეპუტატიდან, რომლებმაც „ნაციონალების“ რიგები ახლა დატოვეს, ერთ-ერთი მათგანი – ნოე კუხიანიძე „ნაციონალების“ ახალგაზრდულ ფრთას ხელმძღვანელობდა.

როგორც ცნობილი ხდება, ამ ეტაპზე „ნაციონალების“ რიგებიდან წამოსული დეპუტატები საკრებულოში უკვე არსებულ ოპოზიციურ ფრაქცია „ქუთაისთან“ შეერთებას არ გეგმავენ. შეგახსენებთ, რომ აღნიშულ ფრაქციაში ორი დეპუტატი (გიორგი სიხარულიძე, კახა ნურალიძე), ასევე, „ნაციონალების“ რიგებს გამოეყო.

რაც შეეხება ფრაქცია „ნაციონალებიდან“  წამოსულ კიდევ 5 დეპუტატს, არსებული ინფორმაციით, ისინი ცალკე ფრაქციას შექმნიან.   

ცვლილებების მიუხედავად, ამ ეტაპზე „ნაციონალები“ ქალაქის 25-კაციან საკრებულოში უმრავლესობას (14 დეპუტატი) ინარჩუნებენ. თუმცა კოლეგების „ნაციონალობაში“ დარწმუნებული ახალ ფრაქციაში არ არიან.  ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ფრაცია „ქუთაისის“ (ყოფილი „მემარჯვენე“) ხელმძღვანელი მამუკა მღვდელაძე აცხადებდა, რომ „ნაციონალების“ ფართომასშტაბიანი რღვევა იგეგემებოდა.  რომლის საპასუხოდ, კახა ნემსიწვერიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალების“ ერთობა მყარი იყო და მღვდელაძის პროგნოზი მხოლოდ პროგნოზს წარმოადგენდა.

რაც შეეხება თავად მღვდელაძეს, მას საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მოიაზრებენ. ამიტომ არ არის გამორიცხული, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე კიდევ მორიგი ცვლილება დადგეს დღის წესრიგში. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე