|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურელმა მაღაროელებმა გაფიცვა შეწყვიტეს

ჭიათურელმა მაღაროელებმა საპროტესტო აქციები შეწყვიტეს.  გაფიცული მაღაროელები ხვალიდან სამუშაო ადგილებს უბრუნდებიან.

როგორც გაფიცული მაღაროელები აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება მათ მთავრობის წარმომადგენელთან, გია ჟორჟოლიანთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

„აქციების შეწყვეტა იმიტომ გადავწყვიტეთ, ახალ მთავრობას არ ეგონოს, რომ მის წინააღმდეგ გამოვდივართ. გია  ჟორჟოლიანი  დაგვპირდა, რომ ხუთშაბათამდე საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც ჩვენს მიერ დაყენებულ მოთხოვნებს გამოიძიებს. მაგრამ თუ ჩვენს სასარგებლოდ არაფერი გაკეთდა, აქციებს ისევ განვაახლებთ. რადგან რაც ამ ეტაპზე გვაქვს, ეს 32%-ით გაზრდილი ხელფასია,“ - ამბობენ მაღაროელები.

„ჯორჯიან-მანგანეზის“ პრესსამსახურის განცხადებით, ხვალიდან მაღაროები სრული დატვირთვით ამუშავდება. პრესასამსახურის წარმომადგენლის მაკა კვარაცხელიას განცხადებით, რადგან მუშებმა გაფიცვა შეწყვიტეს და სამუშაოზე დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს, კომპანია მათ გაცდენილ დღეებს აუნაზღაურებს.

„ჩვენ შევდივართ მუშების მდგომარეობაში და ლოიალურ დამოკიდებულებას ვინარჩუნებთ მათ მიმართ,“ - ამბობს კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ მაღაროელები საპროტესტო აქციებს დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მართავდნენ.  ამ ხნის მანძილზე ჭიათურის შვიდივე მაღაროში მუშაობის პროცესი შეჩერებული იყო.

მაღაროებში დასაქმებული 3700-მდე პირი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასების 100%-იან ზრდასა და ინვესტორის, „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურიდან წასვლას ითხოვდა.   

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე