|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნუგზარ წიკლაური: „იმ მუხლით, რომელიც ახალაიას წაუყენეს, დიქტატორულ ქვეყნებში ასამართლებენ ხალხს“

პოლიტიკური შოუს გაგრძელება და პოლიტიკურ ოპონენტებზე რევანშიზმი – ასე აფასებენ თავადაცვისა და შსს ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას დაკავებას საპარლამენტო უმცირესობაში.

უმცირესობის წარმომადგენლის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, იმ დამამცირებელი მარცხის შემდეგ, რომელიც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში, როლანდ ახალაიასთან განიცადა, პოლიტიკურ ოპონენტზე ანგარიშსწორება გადაწყვიტა.

„ბაჩო ახალაიას დაკავების არავითარი საფუძველი არ არსებობს. იმ მუხლით, რომელიც მას წაუყენეს, დიქტატორულ ქვეყნებში ასამართლებენ ხალხს. მაგალითად, ვენესუელასა და რუსეთში, საიდანაც ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა ბიძინა ივანიშვილი. საქართველოსთვის და მისი პოლიტიკური სისტემისთვის, ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი და სერიოზული მარცხი. რადგან ძველმა ხელისუფლებამ არჩევნების შემედეგ ხელისუფლების მშვიდობიანი ტრანზაქცია მოახდინა“ – ამბობს ნუგზარ წიკლაური.

საპარლამენტო უმცირესობის კიდე ერთი წარმომადგენლის, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, ის საბაბი, რომელიც ხელისუფლებამ ახალაიას დასაკავებლად მოიტანა პოლტიკურ შოუსა და აფსურდის თეატრის გაგრძელებას წარმოადგენს.

როგორც თაქთაქიშვილი ამბობს, ბაჩო ახალაია დაკების დღეს, 6 ნოემბერს, ერთ–ერთ პოლიტიკურ თოქ–შოუში მისვლას და საზოგადოებისათვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემას გეგმავდა. თაქთაქიშვილის თქმით, სწორედ ამიტომ მოდა მისი დაკვება.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი  აცხადებენ, რომ ის ინფორმაცია, რომელიც მათ გააჩნიათ, საკმარისო იყო ბაჩო ახალაიას დასაკავებლად.

 უმრავლესობის წარმომადგენლის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, თუ ახალიას მიმართ დამტკიცდება წაყენებული ბრალი, ის პილიტიკური პატიმარი კი არა, დამნაშავეა.

ბაჩო ახალია, რომელმაც ქვეყანა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ დატოვა, საქართველოში 5 ნოემბერს დაბრუნდა და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. გუშინ, 6 ნოემბერს, ის მთავარ პროკურატურაში დაიბარეს. სადაც 4 საათიანი დაკითხვის შემდეგ ყოფილი მაღალჩინოსანი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

ბაჩო ახალაიასთან ერთად, თავდაცვის უწყების კიდევ ორი პირია დაკავებული. ახალაიას თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას ედავებიან.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის ოქტომბერში, თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ, გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძესთან და მეოთხე ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასთან ერთად, მინისტრის სამუშაო კაბინეტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 6 სამხედრო მოსამსახურეს", - ამის შესახებ გამართულ ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა. მისივე განცხადებით, ახალაიამ ერთ-ერთ სამხედროს დანის ტარი თავში ჩაარტყა. მთავარი პროკურორის ინფორმაციით, აღნიშნულის შემდეგ, ახალაიამ ეს სამხედროები ვაზიანში გადაიყვანა, სადაც ბრიფინგის ოთახში მათ კვლავ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც გაგრძელდა მეოთხე ბრიგადის შემადგენლობის 20-30 კაცის წინაშე სიტყვიერი შეურაცხყოფით.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე