უმრავლესობა: „კიდევ ბევრი დარჩა, ვინც პასუხი უნდა აგოს“
პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომა დღეს ყოფილი მაღალჩინოსნის,
ბაჩო ახალაიას დაკავების ფაქტის შეფასებებით გაიხსნა.
საპარლამენტო უმცირესობამ ახალაიას დაკავება პოლიტიკურ
ანგარიშსწორებას და პირად შურისძიებას დაუკავშირა. უმცირესობის ერთ-ერთი წარმომადგენლის
დავით საყვარელიძის განცხადებით, პოლიტიკური დაკვეთა ძალიან უხარისხოდ და დაბალ დონეზე
შესრულდა, რადგან „ახალაიას დაკავების მაკვალიფიცირებელი გარემეობა ვაშლის ჭამა გახდა,“
– განაცხადა საყვარელიძე.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ზვიად ძიძიგურის
განცხადებით კი, როდესაც უმცირესობა ბაჩო ახალაიას დაცვას ახორციელებს, ამით საკუთარ
თავსაც იცავს, რადგან მისი თქმით, კიდევ ბევრი საქმე არის გამოსაძიებელი. მაგალითად,
2008 წლის აგვისტოს ომი და ომის შემდეგ მიღებული დახმარების ხარჯვის საკითხი.
საპარლამენტო უმრავლესობამ უმცირესობას დღევანდელ სხდომაზე
2007 წლის 7 ნოემბერი და მის მიერ დაშვებული შეცდომები გაუხსენა, რომლის საპასუხოდ,
„ნაციონალმა“ დავით დარჩიაშვილმა ახალ ხელისუფლებას
მიმდინარე წლის 7 ნოემბერს ბაჩო ახალაიას სახით პირველი პოლიტპატიმრის არსებობა მიულოცა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით,
მათი ხელისუფლება განსხვავდება იმ ხელისუფლებისაგან, რომლის პირველი პირი თავად იღებდა
გადაწყვეტილებებს კონკრეტული პირების დაკავებასთან დაკავშირებით.
უმრავლესობის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა გედევან ფოფხაძემ
განაცხადა, რომ უმცირესობას უმრავლესობის დარწმუნება უნდა, რომ ქვეყანაში მათი მმართველობის
9 წლის განმავლობაში არ ხდებოდა პოლიტიკური დევნა, ტერორი და შევიწროვება.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე