|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახალი ომბუდსმენის დანიშვნა შემჭიდროვებულ ვადებში მოხდება

საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველი პოსტზე ნინა ხატისკაცის კანდიდატურას უჭერს მხარს. უმრავლესობის წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე კანდიდატურების განხილვის შედეგად მივიდნენ. თუმცა როგორც უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, შესაძლოა, გადაწყვეტილება საბოლოო არ იყოს.

„სახალხო დამცველობის მსურველი კანდიდატები ყველა კარგი არის, მაგრამ უმრავლესობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნინა ხატისკაცი კარგად გაართმევს თავს ამ თანამდებობას,“ - ამბობს უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე.

საპარლამენტო უმცირესობის განცხადებით, ომბუდსმენობის კანდიდატზე ისინი ჩამოყალიბებული არ არიან. „იმდენად სწრაფად ხდება კანდიდატების ცვლილება, რომ ძნელია თვალი მიადევნო. ფრაქციაში ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ,“ - ამბობს გოგა ხაჩიძე.

ყოფილი სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშისათვის უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტი კენჭს დღეს, პლენარულ სხდომაზე უყრის. არსებული კანონმდებლობით, სახალხო დამცველი, ანიშნული  პოსტის ვაკანტურად გამოცხადების  შემდეგ,  ერთი თვის ვადაში უნდა დაინიშნოს, თუმცა როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, ახალი ომბუდსმენის დანიშვნა შემჭიდროვებულ ვადებში მოხდება.

სახალხო დამცელის პოსტზე კანდიდატებად ამ დრომდე დიმიტრი ლორთქიფანიძე, უჩა ნანუაშვილი, გელა ნიკოლაიშვილი, თამარ გურჩიანი, ნათია იმნაძე და ლია მუხაშავრია სახელდებოდნენ.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე