|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნაციონალებმა“ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვეს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების  კომისიაში საპარლამენტო უმცირესობის წევრები ვერ მოხვდნენ.

საპარლამენტო უმრავლესობამ უმცირესობის მიერ შეთავაზებულ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა, რის გამოც  „ნაციონალებმა“ პროტესტის ნიშნად კენჭისყრა და სხდომათა დარბაზი დატოვეს.

უმრავლესობამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალების“ მიერ წარდგენილ ლევან ბეჟაშვილსა და პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიაში დასახელებულ ჩიორა თაქთაქიშვილს ხმა არ მისცა. უმცირესობის პროტესტის გამო, კი „მეოცნებე“ ზაქარია ქუცნაშვილს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად ხმები არ ეყო. 

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, არსებობს ფორმალური შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ სადაც უმრავლესობის კვოტაა, უმცირესობა არ განიხილავს უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატურას და მხარს უჭერს მას.

„ანალოგიურად, უმრავლესობა არ განიხილავს უმცირესობის კანდიდატურას და სადაც უმცირესობის კვოტაა, მხარს უჭერს. ეს ზოგადი პრინციპი მოქმედებს კვოტირებიდან და კოლეგიალობიდან გამომდინარე. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენს კოლეგებს უმრავლესობიდან  არ ეყოთ არც დემოკრატიულობა, არც პოლიტიკური შეგნება და არც კოლეგიალობა იმისთვის, რომ მხარი დაეჭირათ უმცირესობის მიერ წარმოდგენილი კანდიდატისათვის,“ - ამბობს დავით ბაქრაძე.

უმცირესობის კიდევ ერთი წარმომადგენლის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, უმრავლესობა არ აპირებს მისი ფორმალური ვალდებულების შესრულებას. რაც პოლიტიკური დევნის ნიშნებს შეიცავს უმცირესობის მიმართ.

„ჩვენ კოლეგიალობიდან გამომდინარე, მხარი დავუჭირეთ ყველა იმ კანდიდატურას, რომელიც წარმოდგენილი იყო. შედეგი – პირიქით მივიღეთ. დღეს უმრავლესობის გადაწყვტილებით ჩვენი კანდიდატები ჩავარდა. ეს კიდევ ერთხელ კარგად მეტყველებს იმაზე, რომ  სამართალიანობის დროშით მოსულ უმრავლესობაში არიან 1990-იანი წლების შავრაზმელები, რომლებიც სამართალიანობის დროშას ამოფარებული იყვნენ მხოლოდ იმიტომ, რომ როგორმე მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. ესენი არიან ადამიანები, ვინც სააკაშვილს სთხოვდნრენ დემოკრატიას და თვითონ არანაირად, დემოკრატიისათვის მზად არ არიან,“ - ამბობს აკაკი ბობოხიძე.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე