|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ აფასებენ პარლამენტში ახალაიას ადვოკატის პარტიულობას

„ქართული ოცნების“  წევრის,  ადვოკატ დავით დეკანოიძის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნის, ბაჩო ახალაიას ინტერესების დაცვაში პრობლემას ვერ ხედავენ უმრავლესობაში.

„პროფესიონალს პარტიულობა მოვალეობის შესრულებაში ხელს არ უნდა უშლიდეს. თუ არ მოსწონთ ადვოკატი, შეუძლიათ გამოცვალონ. შეიძლება ახლა ისიც თქვან, რომ ხელოვნურად გაკეთდა ასე. ახალაიას მარტო ამ სხდომათა დარბაზში ჰყავს იმდენი დამცველი, რომლებსაც უნდათ კრიმინალი პოლიტიკურ პატიმრად შერაცხონ  და  ბაჩო ახალაია ცოტნე დადიანად გამოაცხადონ, მაგრამ არ გამოუვათ,“ - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე.

„მეოცნებე“ ადვოკატის მიერ ახალაიას ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ უმცირესობაში. სადაც აცხადებენ, რომ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ქვეყნის ახალი ხელისუფლების პირველი პოლიტიკური პატიმარია.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის დავით საყვარელიძის განცხადებით, ადვოკატის საკითხი იმის  გადასაწყვეტია, ვინც უფლებამოსილია ადვოკატი დაიქირავოს. „ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ შემიძლია,“ - ამბობს საყვარელიძე.

თავად, ბაჩო ახალაიას ადვოკატმა დავით დეკანოიძემ განაცხადა, რომ ის „ქართული ოცნების“ წევრია, თუმცა ეს ხელს არ უშლის პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე