„ნაციონალური“ პროტესტის გამო პარლამენტის სხდომა გადაიდო
საპარლამენტო უმცირესობის მიერ გამოცხადებული ბოიკოტის
შედეგად, პარლამენტის დღვანდელი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების
ნაწილის განხილვა პარასკევისთვის გადაიდო.
„ნაციონალების“ მიერ სხდომის დატოვების გამო დღეს ვეღარ
მოხერხდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის წევრების დანიშვნის საკითხის განხილვა,
ასევე, გიორგი ტუღუშისათვის უფლებამოსილების
შეწყვეტა და პარლამენტში „ოცნების“ პარტიული სიით შესული ახალი წევრებისათვის უფლებამოსილების ცნობა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით,
„ნაციონალების“ პროტესტი, რაც სხდომის გადადების მიზეზი გახდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა
და პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიაში უმცირესობის მიერ წარდგენილი კადრების
ჩავარდნამ გამოიწვია. როგორც კობახიძე განმარტავს, ისინი არ იყვნენ ვალდებული მხარი
დაეჭირათ უმცირესობის კადრებისათვის. კობახიძე იმასაც აღნიშნავს, რომ ლევან ბეჟაშვილთან
და ჩიორა თაქთაქიშვილთან დაკავშირებით უმრავლესობა-უმცირესობას შორის არავითარი შეთანხმება
არ ყოფილა მიღწეული.
„ეს არის სიცრუე, როდესაც უმცირესობა ამბობს, რომ ბეჟაშვილისა
და თაქთაქიშვილისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი ჩვენს შორის შეთანხმებული იყო.
მე პირადად არც ვიცოდი რომ ისინი იუსტიციის
უმაღლეს საბჭოში, ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურას აყენებდნენ. ლევან ბეჟაშვილი მისი უფლებამოსილების განხორციელების
დროს იმდენად გამოკვეთილად და მიზანმიმართულად მოქმედებდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და სასამართლოები
ბეჟაშვილის უწყების შუამდგლომლობებს განიხილავდნენ,
ჩვენ სრული საფუძველი გვაქვს, რომ ამ ადამიანს არ დავუჭიროთ მხარი იმ ორგანოში, სადაც სწორედ მოსამართლეების დანიშვნის,
მათი გათავისუფლებისა თუ დისციპლინარული დევნის საკითხი იხილება. ასეთი დემარშებით
და პროცედურული ომით ფიქრობენ პარლამენტში საქმიანობის გაგრძელებას. რაც არაწორია.
ამ ქვეყანას ისიც ეყოფა, რა ზიანიც მიაყენა ამ გუნდმა ამ ხნის განმავლობაში,“ - ამბობს
მანანა კობახიძე.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე