|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნაციონალები“ პარლამენტს დროებით ეთიშებიან

ნაციონალური მოძრაობა“  საპარლამენტო ცხოვრებას დროებით ეთიშება. უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ აღნიშნული  გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გააჟღერა. ბაქრაძის თქმით, უახლოესი დღეების განმავლობაში ისინი ვერ იმუშავებენ ჩვეულ რეჟიმში, როდესაც ქვვეყანაში რისკის ქვეშ დგას დემოკრატია და ოპოზიციის მომავალი. 

„დღეს მთელმა საზოგადოებამ იხილა რამდენიმე მოვლენა, რომელსაც  ვფიქრობ ექნება დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის. დღეს მთელმა  საზოგადოებამ იხილა დაპატიმრებების პირველი ტალღა რამდენიმე ადამიანთან მიმართებაში, სადაც არ არსებობს მკაფიოდ პასუხგაცემული კითხვები თუ რატომ,  როგორ და რანაირად მოხდა ამ ფორმით და ამ ბრალდებით  ამ ადამიანებისათვის აღმკვეთი ღონისძიებების შეფარდება. დღეს ასევე,  იხილა საზოგადოებამ პირდაპირი ზეწოლა თავისუფალი ტელევიზიის წინააღმდეგ,  როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომელიც საყოველთაო შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე ნეიტრალური, ობიექტური და დაბალანსებული არხია, შემოწმებაზე შევიდა საგადასახადო სამსახური. დღეს პლენარულ სხდომაზე ყველამ იხილა უმრავლესობის წევრების გამოსვლები, რომელიც გაჟღენთილი იყო პირდაპირი აგრესიით, ოპოზიციისა და უმცირესობის წინააღმდეგ. ჩვენი კოლეგები პირდაპირ საუბრობდნენ დასაჭერი ადამიანების სიაზე და იმაზე, რომ  ვერავის ვერაფერი ვერ დაიცავს  ამ ქვეყანაში პოლიტიკური შურისძიებისგან,“ - ამბობს დავით ბაქრაძე.

უმცირესობის ლიდერის განცხადებით, ქვეყანაში დღეს მიმდინარე მოვლენები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ოპოზიციისათვის, არამედ საქართველოს მომავალი დემოკრატიისათვის. როგორც ბაქრაძე განმარტავს, ისინი  ვერ იქნებიან ისე, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი დემოკრატიულად მიდის.

„ბიუჯეტის მიმართ ჩვენი დიდი ინტერესის მიუხედავად,  ხვალ რუტინულ რეჟიმში ვერ ვესაუბრებით ფინანსთა მინისტრის მოადგილეს.  ასეთ პირობებში ჩვენი ფრაქცია იქნება იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის მომავალი წყდება. ჩვენ მაქსიმალურად დავუდგებით გვერდში საზოგადოებრივ მაუწყებელს და იმ ადამიანებს, რომელთა თავისუფლების აღკვეთის საკითხი წყდება,“ - ამბობს დავით ბაქრაძე.

უმცირესობაში განმარტავენ, რომ მათ მიერ  მიღებული გადაწყვეტილება საპარლამენტო ცხოვრებაზე უარის თქმასა და   გრძელვადიან ბოიკოტს არ ნიშნავს, თუმცა აცხადებენ, რომ პარასკევს დანიშნულ პლენარულ სესიაზე მათი დასწრება მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე