|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საპარლამენტო უმრავლესობამ მთავრობას ბიუჯეტი დაუწუნა

2013 წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი საპარლამენტო უმრავლესობამ დაიწუნა.

საკომიტეტო განხილვაზე დეპუტატებმა ბიუჯეტი არასაკმარისად მომზადებულად ჩათვალეს. საპარლამენტო უმცირესობა კი ბიუჯეტის განხილვის პროცესს არ დასწრებია.

ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტი დღეს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მთავრობას  არ ჰქონდა საკმარისი დრო ბიუჯეტის სრულყოფილი პროექტის მოსამზადებლად.

„მოვისმინეთ კანონპროექტი, გავეცანით თანდართულ დოკუმენტაცვიას და კომიტეტი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მთავრობას სრულფასოვნად არ ჰქონდა დრო ბიუჯეტის მოსამზადებლად.  გარკვეული პუნქტები საჭიროებს მეტ გაშლას, დეტალიზაციას და ახსნას, გარკვეულ შემთხვევაში რატომ არის შემცირება ან შენარჩუნება იგივე პარამეტრის. კომიტეტი უფლებამოსილია პლენარულ სხდომას გადაცეს ბიუჯეტი განსახილველად იმ შენიშვნით, რომ არ არის სრულყოფილი და ის მიიღებს გადაწყვეტილებას,“ - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ზაქარია ქუცნაშვილი უმრავლესობის მიერ ბიუჯეტის დაწუნების მიზეზებს განმარტავს. მისი თქმით,  შვიდ დღეში შეუძლებელი იყო ისეთი ბიუჯეტის მომზადება, რომელიც ქართველ ხალხს გამოადგება.

 „კომიტეტს აქვს უფლება ნებისმიერი კანონპროექტი, მათ შორის ბიუჯეტის პროექტი  ან მოიწონოს, ან უარყოფითი დასკვნა გასცეს, ან არასაკმარისად მომზადებულად ჩათვალოს. კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ ეს გადაწეყვეტილება მიიღო.  განხილვაში არ მონაწილეობს უმცირესობა, თუმცა მე იმედი მაქვს გადაუვლით გაბუტვა და დაბრუნდებიან, რადგან ეს პარლამენტი არა „ქართული ოცნების“, არამედ ქართველი ხალხის პარლამენტია და ეს ფულიც ქართველი ხალხის ფულია,“ - ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, უმცირესობის კრიტიკის მიუხედავად, ისინი მომავალი წლიდან გეგმავენ პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას და სოციალურად დაუცველი პირებისათვის შემწეობების გაორმაგებას. გარდა ამისა, როგორც ქუცნაშვილი ამბობს საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრებიან ის პირები, რომელთა შემოსავალი 500 ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები, რომელიც პარლამენტში გუშინ დაიწყო, დღეს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. 

პარლამენტში ბიუჯეტის განხილვის პროცესი 12 ნოემბერს დასრულდება. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე