|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაგრატის ტაძრის უძველესი ფრესკა გამქრალია [Photo]

ბაგრატის ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში, ღვთისმშობლის ფრესკა წაშლილია. როგორც ირკვევა,  ღვთისმშობლის ფრესკის გადარჩენილი ფრაგმენტები, ჯერ კიდევ 2 წლის წინ, ტაძარზე სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებამდე იკითხებოდა.

ბაგრატის ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილი

ასევე, გამქრალია ფრესკა ბაგრატის ტაძრის სამხრეთ ნაწილში. სადაც ტილოზე შესრულებული ღვთისმშობლის ფრესკა რეაბილიტაციის შემდეგ აღარ არსებობს.

ბაგრატის ტაძრის სამხრეთ ნაწილი

ბაგრატის ტაძრის სამხრეთ ნაწილში ჩამოხსნილი ფრესკა, ფოტო მოგვაწოდა მამუკა კაკაურიძემ

"ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში, მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დროს, ფრესკის ფრაგმენტები სულ ფხიკეს და ისე ჩამოშალეს“, – ამბობს newpress.ge-სთან საუბარში ბაგრატის ტაძრის ყოფილი მოძღვარი, მამა ზინობი. მისივე თქმით, ბარგატის, ისევე როგორც  გელათის სამონასტრო კომპლექსში, ფრესკები 1510 წელს,  ხანძრის შედეგად დაზიანდა. თუმცა, ბაგრატის ტაძრის ჩრდილოეთ  ნაწილში გამოკვეთილი ღვთისმშობლის ფრესკის აღდგენა სრულიად შესაძლებელი იყო.

ბაგრატის ტაძარზე, ძველად მიმდინარე სამუშაოების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ჯიქია newpress.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ფრესკის გადარჩენას წლების მანძილზე ცდილობდა.  ლევან ჯიქიას ბაგრატის ტაძარზე სამუშაოების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ჯერ კიდევ  1984 წლიდან 1996 წლამდე ეკავა, შემდეგ კი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე 2001 წლიდან- 2005 წლამდე იმყოფებოდა. ,,ამ ფრესკას სოკოს დაავადება ჰქონდა და  გადარჩენას საჭიროებდა. ამაზე ბევრი ვიბრძოლე, თუმცა უშედეგოდ და დღეს ის უკვე საერთოდ აღარ არსებობს“, – ამბობს ლევან ჯიქია.

ლევან ჯიქიას თქმით, ტაძრის ჩრდილოეთით არსებული ღვთისმშობლის ფრესკა მეათე საუკუნის იყო. რომელიც უდიდეს კულტურულ ღირებულებას წარმოადგენდა. დღეს, ბაგრატის ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში, უძველესი ფრესკისგან, მხოლოდ ხვთისმშობლის კონტურები იკითხება.

ბაგრატის ტაძრის პირველი სარეაბილიტაციო სამუშაოები 1952 წელს დაიწყო, რომელსაც ხელმძღვანელობდა არქიტექტორი და რესტავრატორი ვახტანგ ცინცაძე.

1995 წლის 25 აგვისტოს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ აკურთხა ბაგრატი ქუთაისის სიონის ტაძრად, სადაც დაიწყო წირვა-ლოცვის აღსრულება. ამის შემდეგ საპატრიარქოს ინიციატივით, გაჩნდა ბაგრატის ტაძრის აღდგენის იდეა.

ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაცია 2009 წელს დაიწყო. თუმცა, მიმდინარე წლის ზაფხულში სამუშაოები იუნესკოს დასკვნისა და საპატრიარქოს მოწოდების საფუძველზე შეჩერდა. იუნესკოს დასკვნის მიხედვით, რეაბილიტაციის პროცესი არასწორად მიმდინარეობდა, რის გამოც, ბაგრატის ტაძარი იუნესკომ საფრტხის წინაშე მდგომ მსოფლიო მემკვიდრეობის ისტორიული ძეგლების სიაში შეიყვანა. გადაწყვეტილება 2010 წლის 29 ივლისს, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. მოგვიანებით, საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის მოლაპარაკების შედეგად, სამუშაეობი რამდენიმე დღეში განახლდა.

განახლებული ბაგრატის ტაძარი საქართველოს პრეზიდენტმა მიმდინარე წლის 16  სექტემბერს გახსნა.

იუნესკო ბაგრატის ტაძრის საკითხს 2013 წლის სესიაზე კიდევ ერთხელ განიხილავს. 

ავტორი: ანა ჯანაშია