|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ადგილობრივმა თვითმმართველობებმა შესაძლოა, ძალოვნები აღარ დააფინანსონ

ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მათი ბიუჯეტიდან ძალოვნებისათვის გადასახდელი ყოველწლიური „ხარკი“ შესაძლოა, 2013 წლიდან აღარ გაიღონ.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, თინა ხიდაშელმა დღეს, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონის კომიტეტის სხდომაზე, ბიუჯეტის განხილვისას  მთავრობას მიმართა, რომ თვითმმართველობების ბიუჯეტს ეს ვალდებულება მოუხსნან.

„დიდი იმედი მაქვს,  შესაძლებელი გახდება ამის გაკეთება. რადგან არასწორია, როდესაც ამხელა დაფინანსების  მქონე შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები  საწყალ ბიუჯეტებში ეცილებიან ადგილობრივ თვითმმართველობებს. მე დღეს დავსვი უკვე ეს საკითხი და დაველოდები მთავრობის რეაგირებას,“ - ამბობს თინა ხიდაშელი.

ამ დრომდე არსებული პრაქტიკით, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტები ძალოვან უწყებებს ყოველწლიურად აფინანსებდნენ.  თვითმმართველობიდან მიღებული თანხით კი ეს უკანასკნელები ან ტექნიკასა და ავეჯს ყიდულობდნენ ან კიდევ, გადაადგილებისათვის საჭირო ხარჯებსა და  კომუნალურ გადასახადებს ფარავდნენ.

მაგალითად,  ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, შსს ადგილობრივი ორგანოები 2011 წელს 800 000 ლარით დაფინანსდნენ, ხოლო, მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან მათთვის განსაზღვრული თანხის ოდენობა 330 000 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის  პროექტით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 585 050 000 ლარიდან 585 200 000 ლარამდე გაიზარდა.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე