|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უნივერსიტეტში გერმანული კინოს კვირეული გაიხსნა

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანული კინოს კვირეული გაიხსნა. უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით მოწყობილ კინოჩვენებაზე სხვადასხვა ეპოქის 5 გერმანული ფილმი იქნება წარმოდგენილი.

კვირეული დღეს ვოლფგანგ ბეკერის "გუდ ბაი, ლენინ"- ით გაიხსნა. ხოლო ჩვენებას გააგრძელებენ ტომ ტიკვერის „გაიქეცი, ლოლა გაიქეცი“,  ვერნენ ჰერცოგის „ყველა თავისთვის და ღმერთი ყველას წინააღმდეგ",  იოზეფ ფონ შტერნბერგის „ცისფერი ანგელოზი“ (მარლენ დიტრიხით მთავარ როლში) და დასრულდება, ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი მამის რობერტ ვინეს ფილმით, „ექიმი კალიგარის კაბინეტი“.

„ჩვენი კინოჩვენება ერთგვარი CV-ია, ანუ „ცხოვრების განარბენი“. ჩვენებებიც გარკვეული „განარბენია“ გერმანული კინოს ისტორიაზე. წარმოდგენილი იქნება 5 ფილმი, რომელიც გამოხატავს სხვადასხვა ეპოქას, რაც მნიშვნელოვანი იყო გერმანული კინოს განვითარებისათვის“, - ამბობს კინომცოდნე თამთა თურმანიძე.

კვირეულზე ფილმების ჩვენება ერთგვარი „კლებადი პრინციპით“ არის აწყობილი. იწყება 2003 წლის ფილმით და სრულდება 1920 წელს გადაღებული სურათით, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ და გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნიან საკმაოდ უცნობ გერმანულ კინოზე.

„გერმანული კინო, შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებად პოპულარულია ჩვენთან. ეს ალბათ ამ კინემატოგრაფის თავისებურებამ განაპირობა“, - ამბობს თამთა თურმანიძე.

კვირეული ბერლინის კედლის დაცემას მიეძღვნა, რომელიც გერმანიაში 9 ნოემბერს აღინიშნება.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი