|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნოდარ ხადური: წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას ხელისუფლება მომავალი წლიდან გეგმავს

მომავალი წლის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალურ დაცვასა და საპენსიო უზრუნველყოფას მილიარდ  500 მილიონი ლარი მოხმარდება. ახალი ხელისუფლება ასევე,  მომავალი წლიდან  რადიკალური საპენსიო რეფორმის გასატარებლად და მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევისთვის ემზადება.

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, ჯანდაცვის კუთხით გამიზნული თანხების გარდა, სოციალური სფეროს განკარგულებაში დამატებით 740 მილიონი ლარი იქნება.

როგორც ხადურმა აღნიშნა,  პენსიების ზრდის კუთხით ხელისუფლება ორი მიმართულებით მიდის. ეს არის ასაკით პენსიონრებისათვის პენსიისა და ზოგადად ყველა ტიპის პენსიის  ზრდა.  ხადურის თქმით, წინასაარჩევნო დაპირების შესრულებასა და პირველ ეტაპზე პენსიის 150 ლარამდე გაზრდას ხელისუფლება მომავალი წლიდან გეგმავს.  

როგორც ცნობილი ხდება, ახალი მთავრობა მოსახლეობის დაზღვევის რამდენიმე ვარიანტზე მუშაობს. პირველი ვარიანტის მიხედვით, შესაძლებელია ქვეყანაში სადაზღვევო პოლისის გარეშე მყოფ 2 მილიონ 600 000 მოქალაქეს პოლისები ერთდროულად გადასცენ. მეორე ვარიანტი კი ეტაპობრივ დაზღვას გულისხმობს.

როგორ ხელისუფლებაში აცხადებენ, მოქალაქეების ერთდროულად დაზღვევის შემთხვევაში დამატებით ადმინისტრაციული ხარჯების გაღება დასჭირდებათ იმისათვის, რომ სამედიცინო დაწესებულებებში რიგები არ იყოს და მოქალაქეებმა იცოდნენ რა ტიპის სამედიცინო მომსახურებას  ითვალიწინებს პოლისი. თუმცა პირობას დებენ, რომ  2013 წელს ყველა მოქალაქე იქნება დაზღვეული.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ  მომავალ წელს  რაიონებში არსებული სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტიტაცია და ტექნოლოგიებით აღჭურვა გაგრძელდება იმისათვის, რომ მოქალქეებს სამედიცინო მომსახურების მისაღებად  სხვა რაიონებში არ მოუხდეთ გადაადგილება.

კიდევ ერთი ინიციატივა, რომელსაც ახალი ხელისუფლების „სოციალური“ ბიუჯეტი ითვალისწინებს,  30 ლარიანი სოციალური შემწეობის 60 ლარამდე ზრდას შეეხება.  ასევე,  500 ლარიანი თვიური შემოსავლის მქონე მოქალაქეები საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლდებიან.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს დეპუტატები ამ წუთებში პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განიხილავენ.

უმრავლესობა ბიუჯეტის არსებულ პროექტს არასრულყოფილად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ის ხალხისა და ქვეყნისთვის მაქსიმალურად სასარგებლო დოკუმენტი იქნება.

„სოციალური ბიუჯეტის“ დახვეწის იმედს გამოთქვამს  საპარლამენტო უმცირესობა, სადაც აცხადებენ,რომ ბიუჯეტში სოციალური კუთხით გაცემულ დაპირებებზე არაფერია ნათქვამი. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე