|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია ცაგარეიშვილი: „ოცნებას“ ვალდებულებების შესრულება გაუჭირდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ცაგარეიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“  ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გაუჭირდება. რადგან, როგორც ცაგარეიშვილი ამბობს, საქართველოს მთავრობა და ფინანსთა  სამინისტრო ამ ეტაპზე იმ ვალდებულებების დაფარვას ემსახურება, რომელიც წინა წლებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აიღო.

„არც ერთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  პროექტი იქნება ეს  გზებისა თუ იუსტიციის სახლების მშენებლობა, არ შეწყდება. ჩვენ ამ ყველაფერს დავასრულებთ, ოღონდ ეს არ იყო ჩვენი პრიორიტეტები.  თუნდაც ეს პარლამენტი ავიღოთ. 17 მილიონი ლარი კიდევ  დასამატებელია ეს შენობა რომ დასრულდეს.  მაგრამ რა ვუყოთ ამ შენობას? ფარღალალას ხომ არ მივატოვებთ?  ამიტომ, მე მესმის უმცირესობის წუხილი. ბევრი მიმართულებით შეიძლებოდა ფინანსური ინექციები უკეთესად  განხორციებულიყო, მაგამ ეს არ მოხდა იმიტომ, რომ  ჩვენ ვემსახურებით მათ მიერ აღებული ვალდებულებების გასტუმრებას,“ - ამბობს ცაგარეიშვილი.

მისი თქმით, ახალ ხელისუფლებას წინამორბედისგან მემკვიდრეობით საგარეო ვალებიც ერგო. შედეგად,   მიმდინარე წელს საქართველოს  300 მილიონ ლარზე მეტი საგარეო ვალის გასტუმრება მოუწევს.

„ ეს იმ ვალების, რომელიც მიხეილ საკაშვილმა აიღო უკანასკნელი 9 წლის მანძილზე. რა ვქნათ ჩვენა ახლა? ჩვენ ვერ დავემსგავსებით ბოლშევიკებს, როდესც ისინი დიდი ოქტომბრის  სოციალისტური რევოლუციის  შემდეგ მოვიდნენ ქვეყანაში და თქვეს, რომ მეფის რუსეთის ვალდებულებებზე პასუხს არ აგებენ. ჩვენ ვაგებთ „ნაციონალების“ ვალდებულებებზე პასუხს,“ - ამბობს გია ცაგარეიშვილი.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე