ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობა "ნაციონალებმა" იმპიჩმენტით შეუნარჩუნეს [Video]
დღეს, ქუთაისის
საკრებულოს 11–მა „ნაციონალმა“ წევრმა საკრებულოს, ასევე, „ნაციონალ“ თავმჯდომარეს
– ამირან ხვადაგიანს თანამდებობა მინიმუმ სამი თვით შეუნარჩუნა.
ქუთაისის საკრებულოს
დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, 11–მა „ნაციონალმა“ დეპუტატმა თავმჯდომარის და მისი
მოადგილეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი ჯერ თავადვე შეიტანეს დღის წესრიგში,
შემდეგ კი მათ მიერვე დასმულ საკითხს მხარი არ დაუჭირეს.
საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ თავად დააყენა. თუმცა 11–მა დაშვებულმა ხელმა ხვადაგიანი თანადებობაზე დატოვა.
საკრებულოს 11 „ნაციონალი“
დეპუტატის გარდა, სხდომაზე კენჭისყრის პროცესს არცერთი სხვა წევრი არ ესწრებოდა. რომელთაგან სამი დეპუტატი „ქრისტიან–დემოკრატების“ წარმომადგენელია საკრებულოში, სამმა წევრმა (ორი – ყოფილი „ნაციონალი“
და ერთი ყოფილი „მემარჯვენე“) ცოტა ხნის წინ დამოუკიდებელი ფრაქცია „ქუთაისი“ შექმნა.
ხოლო, დანარჩენმა 5 წევრმა საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალების“ რიგები გასულ კვირას
დატოვა და ისინი ამ დრომდე თავისუფალი დეპუტატის სტატუსს ინარჩუნებენ.
საკრებულოს უმრავლესობაში
ადასტურებენ ინფორმაციას, რომ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების
საკითხის დასმა მათ ამირან ხვადაგიანისათვის თავმჯდომარის პოსტის შესანარჩუნებლად დასჭირდათ
და ამით ოპოზიციას დაასწრეს.
საკრებულოს უმრავლესობის
დეპუტატის დავით გოგისვანიძის განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას „ნაციონალების“ რიგებს
გამოყოფილი და ასევე, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აპირებდნენ. მათ შორის უნდა ყოფილიყო საკრებულოს „ქრისტიან–დემოკრატების“
წევრი დავით დვალი, რომელსაც ამ დრომდე საკრებულოს თავმჯდომარის მეორე მოადგილის თანამდებობა
ეჭირა. ამირან ხვადაგიანის თანადებობიდან გადაყენების შემდეგ, კი უმრავლესობის ინფორმაციით,
თავმჯდომარის პოსტს ის დაიჭერდა.
თუმცა, დავით დვალის მიერ საკრებულოს უმრავლესობის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების გამო, დღევანდელ სხდომაზე 11 დეპუტატმა მას მოადგილის უფლებამისილება შეუწყვიტა. დვალის ნაცვლად, თავმჯდომარის მოადგილის პოსტი „ნაციონალმა“ წევრმა – მერაბ მეშველიანმა დაიკავა.
სამაგიეროდ, საკრებულოს უმრავლესობამ, თავმჯდომარის კიდევ ერთ მოადგილეს ლევან კირკიტაძეს თანამდებობა იგივე პრინციპით შეუნარჩუნა, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეს – ამირან ხვადაგიანს.
აღსანიშნავია, რომ
საკრებულოს ოპოზიციონერი და „ნაციონალების“ რიგებიდან გასული დეპუტატები თავმჯდომარის
იმპიჩმენტის საკითხს მინიმუმ სამი თვე ვერ დააყენებენ. რადგან, ადგილობრივი თვითმმართველობის
შესახებ კანონის მიხედვით, საკრებულოს თავმჯომარისათვის იმპიჩმენტის საკითხის მეორედ
დაყენება მხოლოდ სამი თვის შემდეგ არის შესაძლებელი.
ავტორი: თეა ზიბზიბაძე