|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოში დაწყებული დავა სასამართლოში ინაცვლებს

ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები დღეს გამართულ საკრებულოს რიგგარეშე სხდომას არალეგიტიმურად მიიჩნევენ. ისინი  სხდომის შედეგების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც 11–მა „ნაციონალმა“ დეპუტატმა ჯერ საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება მოითხოვა, შემდეგ კი, მათივე წინადადებას მხარი არ დაუჭირეს. სამაგიეროდ, თანამდებობიდან გადააყენეს საკრებულოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე დავით დვალი.

,,საკრებულოს დღევანდელი სხდომის შედეგები არ შეიძლება ჩაითვალოს სამართლიანად. რადგან დარღვეული იქნა 24 საათიანი ვადა სხდომის გამართვის შეტყობინების თაობაზე. თუმცა, ამით „ნაციონალებმა“ კიდევ ერთხელ შეუნარჩუნეს თანამდებობა საკრებულოს თავმჯდომარეს. რადგან, დებულების მიხედვით, თუ თავმჯდომარის იმპიჩმენტი არ შედგა, სამი თვის მანძილზე არ შეიძლება კვლავ  იმპიჩმენტის საკითხი დადგეს. რევანში, რომელიც დღეს გაითამაშეს, დასჭირდათ იმისთვის, რათა მოსახლეობას დაუმტკიცონ მათი გუნდის ერთიანობა.  თუმცა,  მალე მათი ერთობა კრახით დასრულდება“, –  ამბობს ფრაქცია „ქუთაისის“ თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე.

მღვდელაძის პოზიციას იზიარებს კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, „ქრისტიან–დემოკრატების“ წარმომადგენელი საკრებულოში დავით დვალი. რომელსაც დღეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება 11 „ნაციონალის“ ხმამ შეუწყვიტა.

დვალი აცხადებს, რომ საკრებულოს მიერ დღეს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო. რადგან საკრებულოს უმრავლესობის ინფორმაციით, დავით დვალი ერთ–ერთი იმ დეპუტატთაგანია, ვისაც საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენების საკითხზე, ხელი უნდა აეწია. მათივე თქმით, დვალის მიზანი საკრებულოს  თავმჯდომარის პოსტის დაკავება იყო. აღნიშნულ ინფორმაციას, თავად დვალი არ ადასტურებს და ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე, მხოლოდ ხალხის სურვილით უნდა შეირჩეს.

ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ საკრებულოს დღევანდელი სხდომის ჩატარების სამართლიანობას სასამართლოს გზით გაარკვევენ.

საკრებულოს დღევანდელი სხდომის ლეგიტიმურობის საკითხის დაყენების გარდა, ოპოზიციონერი დეპუტატები პროგნოზებსაც აკეთებენ. მათი თქმით, უახლოეს პერიოდში საკრებულოს „ნაციონალურ“ რიგებს დეპუტატები კვლავ გამოაკდებიან.

შეგახსნენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალები“ თავდაპირველად ორმა დეპუტატმა დატოვა, რომელთაც მამუკა მღდელაძესთაც ერთად ფრაქცია „ქუთაისი“ ჩამოაყალიბეს. გასულ კვირას კი საკრებულოში „ნაციონალების“ რიგებს კიდევ 5 დეპუტატი გამოეყო, რომლებიც  ამ დრომდე თავისუფალი დეპუტატის სტატუსს ინარჩუნებენ.

ავტორი: ანა ჯანაშია