ბუტაფორიული მანსარდების გაურკვეველი ბედი
ქუთაისის ცენტრში
მდებარე შენობებზე
დაშენებული მანსარდების ბედი ამდრომდე გაურკვეველია. როგორც ქუთაისის მერიაში
განმარტავენ, ქალაქის ცენტრში მდებარე 5
ობიექტზე (თამარ
მეფის გამზირის
#2; #3; #4; #5; და #7) დაშენებული მანსარდის განაწილების საკითხი მათ
კომპეტენციას აღემატება. „ამიტომაც, ეს საკითხი ცენტარული ხელისუფლების
გადასაწყვეტია“, – ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან
ჭანჭალეიშვილი.
თუმცა, შენობებზე მანსარდების მშენებლობის დროს,
ქალაქის მაშინდელი მერი გიორგი თევდორაძე დამატებითი სართულების „განაწილების“ რამდენიმე ვერსიაზე საუბრობდა. „იყო საუბარი
იმაზე, რომ ეს დამატებითი სართულები ინვესტორისათვის მიეყიდათ. კიდევ სხვადასხვა
ვერსია განიხილებოდა. თუმცა, ჯერჯერობით არაფერი გადაწყვეტილა“, – აღნიშნავს ჭანჭალეიშვილი.
ერთ–ერთი ვერსიით, შესაძლებლი
იყო, დამატებითი სართულები იმ ადილობრივი
მაცხოვრებლებისათვის გადაეცათ, რომელთა საცხოვრებელ კორპუსზეც ამ მანსარდების დაშენება მოხდა.
"საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენს სახლზე დაშენებული მანსარდი
ჩვენვე გადმოგვეცემოდა, რადგან ამ დამატებულ სართულებს დამოუკიდებლი ასავლელი არ
გააჩნია. ამიტომ, არც საოფისედ და არც ინვესტორებისათვის არ გადმოდგება. მაგრამ
ახლა არავინ არაფერს ამბობს", – აღნიშნავს თამარ მეფის #2–ში მცხოვრები ლევან ყიფიანი.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მანსარდები ბუტაფორიულია, რადგან შიგნით არანაირი ტიხარი და ელექტროგაყვანილობა არ არის.
„შენობებზე მანსარდების დაშენება პროექტის მიხედვით მოხდა. პროექტის ფარგლებში კი, არც გატიხვრა და არც მისი მოწყობა იყო გათვალისწინებული", – აღნიშნავს ჭანჭალეიშვილი.
მანსარდების დაშენება
ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთ ობიექტზე (თამარ მეფის
გამზირის #2; #3; #4; #5; და
#7), „ქალაქის
ისტორიული ცენტრის
რეაბილიტაციის მეორე ეტაპის პროექტის“ ფარგლებში განხორციელდა. სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო და ივლისში დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, დამატებითი სართულების დაშენების გარდა, შენობებს ფასადური
სამუშაოებიც ჩაუტარდა.
ავტორი: თეკლა მორგოშია