|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ვიცე-მერები გამოცვალეს

ქუთაისის მერმა ამ წუთებში ახალი მოადგილეები დანიშნა. თუმცა, ვიცე-მერების მოვალეობის შემსრულებლებს ოფიციალურად ორშაბათს წარადგენენ.

ერთ-ერთი ვიცე-მერის მოვალეობის შემსრულებლის პოსტი  მერიის შესყიდვების სამსახურის უკვე ყოფილ უფროსს კონსტანტინე რატიანს ერგო, ხოლო მეორე ვიცე-მერის მოვალეობის შემსრულებლად ამირან ძოწენიძემ დაინიშნა.

უკვე ცნობილია, რომ კონსტანტინ რატიანი ქალაქის ინფრატრუქტურის, საბინაო მართვისა და ტრანსპორტის კუთხით იმუშავებს. ხოლო ამირან ძოწენიძის საქმიანობის სფერო საფინანსო და ეკონომიკური მიმართულებები იქნება.

ვიცე-მერის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე ახლადდანიშნული კადრები მედიასთან ჯერ არ გამოჩენილან.

კონსტანტინე რატიანმა და ამირან ძოწენიძემ მერის მოადგილის პოსტზე დავით ანდღულაძე და ირაკლი ჯიქია შეცვალეს. ეს უკანასკნელი, როგორც მერიაში აცხადებენ, თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა. ქუთაისის მერის ბესიკ ბრეგაძის თქმით, ჯიქიამ თანამდებობიდან გადაგომის შესახებ განცხადება ორი დღის წინ დაწერა, რომელიც გუშინ დაუკმაყოფილეს.

რაც შეეხება კიდევ ერთ ყოფილ ვიცე–მერს დავით ანდღულაძეს, მან, ოფიციალურად თანამდებობა,  ასევე, პირადი განცხადების საფუძველზე, დაახლოებით 7 თვის წინ დატოვა.

„იმის გამო, რომ ეს ადგილები ვაკანტური იყო, მოხდა მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნა. ეს ადამიანები ჩახედულები არიან თვითმმართველობის მუშაობაში და ამდროისათვის დაკისრებულ ვალდებულებებს გაართმევენ თავს. კოტე რატიანს ყველა კარგად იცნობს, ხოლო რაც შეეხება ამირან ძოწენიძეს, წესით არც ეს უნდა იყოს უცნობი სახე ქალაქისათვის, რადგან ამდრომდე არასამთავრობო სექტორში, ეკონომიკურ სფეროში იყო დაკავებული“ - განაცხადა ქალაქის მერმა ბესო ბრეგაძემ.

ავტორი: თეკლა მორგოშია