|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაპირისპირება პარლამენტში პოლიტიკური პატიმრების გამო

პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და დევნილთა სამუშაო ჯგუფმა პოლიტიკური პატიმრისა და დევნილის სტატუსი 170 პატიმარს მისცა.

პატიმართა საქმეების განსახილველად  ჯგუფისათვის მიცემული ორკვირიანი სამუშაო ვადა დღეს ამოიწურა. ამ პერიოდში არასამთავრობოებისგან დაკომპლექტებულმა ჯგუფმა ყველა საქმის განხილვა ვერ მოასწრო და მხოლოდ 170 პატიმრის  საქმე შეისწავლა.  მუშაობის შედეგები ჯგუფმა  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადასცა.

ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ხელმძღვანელის  ნანა კაკაბაძის თქმით,  სამუშაო ჯგუფს უფლებამოსილება არ უწყდება. ამიტომ, ჯგუფი  ახლადშემოსულ  საქმეებს განიხილავს და ჯამში  მათ მიერ მომზადებული პოლიტიკური პატიმრებისა და დევნილი პირების სია  200 კაციანი იქნება.

სამუშაო ჯგუფში მყოფი 12 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი  კომიტეტის სხდომაზე მათ მიერ შესწავლილი პატიმრების სიაში მოხვედრილი პირების საქმეებს წარმოადგენენ. ერთ-ერთი მათგანი არის პატიმარი მელორ ვაჩნაძე. ის პოლიციის თანამშრომლებმა 2009 წლის ივნისში პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის დარბევისას დააკავეს. მას ბრალად სამართალდამცავების მიმართ წინააღმდეგობის გაწევა და თაღლითობა ედება. რისთვისაც ვაჩნაძეს  4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ვაჩნაძის საქმის პრეზენტაციისას ‘ნაციონალმა“ დავით საყვარელიძემ ვაჩნაძე თაღლითად მოიხსენია. რაზეც სამოქალაქო სექტორის ერთ-ერთმა წარმოამდგენელმა უპასუხა: „ნაცმოძრაობის“ წევრებმა   კბილები გამოირეცხეთ და ისე ილაპარაკეთ. ვაჩნაძე არ არის თაღლითი“.  თავის მხრივ რეპლიკას საყვარელიძემაც უპასუხა: „კბილების გამორეცხვას  გაჩვენებ მე“.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის ეკა ბესელიას თქმით, საქართველოს პარლამენტისა და კომიტეტისათვის სამართლიანობის აღდგენა ღირსების საკითხია.

„ნაციონალების“ უკანონო პოლიტიკის შედეგია, რომ ამდენი პოლიტიკური პატიმარია საქართველოში.  ჩვენ ვისმენთ კონკრეტულ პრეზენტაციებს, რომლებსაც უფლებადამცველები წარმოადგენენ.  მზად ვართ თითოეული გვარი გავიაროთ კონკრეტული ფაქტებით და დასაბუთებით,“ - ამბობს ბესელია.

არასამთავრობოებისგან დაკომპლექტებულ სიაში ასევე, მოხვდნენ 26 მაისის აქციებისა  და სპეცოპერაცია „ენვერის“ მონაწილეები, რომლებიც  გასულ წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ  ჯაშუშობისათვის გაასამართლა.

 კომიტეტი წარმოდგენილი პრეზენტაციების შემდეგ,  დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას  პარლამენტისათვის გადასაცემი სიის შესახებ.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე