|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საია პოლიტპატიმრების სიას უნდობლობას უცხადებს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და დევნილთა საქმეებზე მომუშავე ჯგუფმა  გადაწყვეტილება პატიმართა საქმეების განხილვის გარეშე მიიღო. რის გამოც ორგანიზაცია მიღებულ სიას უნობლობას უცხადებს და მასზე  პასუხისმგებლობას იხსნის.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, საქართველოში არ არსებობს კანონი პოლიტკური პატიმრების შესახებ. ამიტომ, ჯგუფს იმ რეკომენდაციით უნდა ეხელმძღვანელა, რომელიც ევროსაბჭომ ცოტა ხნის წინ გამოსცა. ეს რეკომენდაციები კი პირისათვის პოლიტიკური დევნილისა თუ პატიმრის სტატუსის  მინიჭების კრიტერიუმებს განსაზღვრავს. 

„ჯგუფი თავიდან შეთანხმდა, რომ ჩვენ ყველა  საქმე უნდა განგვეხილა და დაგვედგინა  ევროპის საბჭოს სტანდარტებს შეესაბამებოდა თუ არა. რადგან გადაწყვეტილების მიღება ყველა საქმის განხილვის გარეშე შეუძლებელია.   მაგრამ ეს ასე არ მოხდა. არსებობდა ერთ სია ერთი ორგანიზაციის მიერ შეგენილი. გამოვიდა, რომ ავტომატურად უნდა  მომხდარიყო ამ სიის მხარდაჭერა. საქმეების ნაწილს ვიცნობდით და ჩვენ თვითონ გვქონდა დასკვნა მომზადებული.  იმ საქმეებზე, რომლებზეც ორგანიზაციების დასკვნები არსებობდა,  კითხვებსაც არ ვსვამდით. იყო საქმეები, სადაც საქმის მასალებიც არ არსებობდა, ერთი გვერდიც არ იყო დაწერილი. ჩვენ არ მოგვეცა ამ საქმეების განხილვის, კითხვების დასმის, საქმის მასალების ნახვის შესაძლებლობა  და შესაბამისად,  ვერ დავუჭერდით იმ პროცესს მხარს, რომელიც მიდიოდა ასე ზედაპირულად. ჩვენ დავტოვეთ სამუშაო ჯგუფი. პოლიტპატიმრების და დევნილების სია არ არის ჩვენი შედგენილი და ჩვენ არ ვიღებთ  პასუხისმგებლობას მასზე,“ - ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

ევროსაბჭოს რეკომენდაციის მიხედვით, პირი პოლიტიკურ პატიმრად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილად ითვლება თუ მისი სამართლებრივი  პასუხისმგებლობა დაკავშირებულია  მის მიერ არა კრიმინალის ჩადენასთან, არამედ  პოლიტიკურ საქმიანობასთან. ასევე, თუ მას ეკისრება ან უმძიმდება პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ პოლიტიკურად აქტიური პირია. თუ სხვა, ჩვეულებრივ  გარემოებაში პირს დაეკისრებოდა უფრო მსუბუქი სასჯელი ან საერთოდ გათავისუფლდებოდა პასუხიმგებლობისგან.

„პარლამენტის მხრიდან მოდიოდა ინიციტივა, რომ ძალიან სწრაფად გაკეთებულიყო ეს ყველაფერი და ამიტომაც მოხდა მცირე ვადის დათქმა. მე ვფიქრობ, ჯგუფის წევრებმა  სამწუხაროდ, არ გამოიჩინეს საიმისო მონდომება, რომ  დეტალურად მომხდარიყო ყველა საქმის განხილვა. ჩვენ უბრალოდ ვერ ავიღებდით ამ ძალიან დიდ პასუხიმგებლობას იმ სიაზე, რომელშიც ჩახედვის საშუალებასაც  არ გვაძლვდნენ,“ - ამბობს ჩუგოშვილი.

თამარ ჩუგოშვილი ვარაუდობს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პოლიტპატიმრებს ამნისტია შეეხებათ. ხოლო რას გეგმავს ხელისუფლება იმ პირების მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში სასჯელს პოლიტიკური მოტივით იხდიდნენ  და ახლა თავისუფალი არიან, მისთვის  უცნობია.

შეგახსენებთ, რომ სამუშაო ჯგუფი, რომელმაც პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური ნიშნით დევნილთა სია მოამზადა, 12 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმოამდგენლით იყო დაკომპლექტებული. ჯგუფი საიას გარდა დატოვა კონსტიტუციის 42-ე მუხლმა. იურისტები აცხადებენ, რომ სამუშაო ჯგუფში დაბრუნებას არ გეგმავენ.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე