|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საარჩევნო სისტემის რეფორმა „ოცნების“ პოლიტიკური ნების იმედად

პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი საარჩევნო ადმინისტრაცია, ადმინისტრაციული რესურსების მაქსიმალური შეზღუდვა და საარჩევნო სიების დახვეწა - ეს იმ სისტემური რეკომენდაციების ნაწილია, რომლებიც არასამთვრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის რეფორმის კუთხით წარუდგინეს.

რეკომენდაციები „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, “სამართლიან არჩევნებსა“ და  „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ეკუთვნით.

„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას თქმით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით რეკომენდაციებზე არასამთავრობოები წლების განმავლობაში მუშაობდნენ,  თუმცა  წინა ხელისუფლების პირობებში მათი გათვალისწინება არ მოხდა.

რეკომენდაციების მიხედვით, საარჩევნო რეფორმის პროცესში მნიშვნელოვანი საკითხი უნდა იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა მისი მუკერძოებლობისა და მეტი პროფესიონალიზმის უზრუნველსაყოფად.

„მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად საარჩევნო ადმინისტრაცია აპოლიტიკური ორგანოა, პრაქტიკა ცხადყოფს, რომ იგი არ არის თავისუფალი პოლიტიკური გავლენისგან.  აღნიშნული ეხება არა მარტო პარტიების მიერ დანიშნულ, არამედ ე.წ. „უპარტიო“ წევრებსაც“,- ნათქვამია რეკომენდაციაში.

არასამთავრობოების აზრით, აუცილებელია საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების გამჭვირვალობაც. რადგან როგორც ორგანიზაციებში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ მაღალი ნდობის ნაკლეობაა. „აღნიშნულის მიზეზი უმეტესწილად არის ის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის 6 წევრი კომპლექტდება პროფესიული ნიშნით, რომლებიც ძირითადად ასოცირდებიან მმართველ პარტიასთან, ხოლო ერთი წევრი ინიშნება ასევე მმართველი პარტიის მიერ. შესაბამისად, კომისიის 13 წევრიდან შვიდი, ანუ ნახევარზე მეტი მმართველი პარტიის წარმომადგენლად მიიჩნევა, რის გამოც უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება ერთპარტიულ გადაწყვეტილებებთან  ასოცირდება,“ - ნათქვამია არასამთავრობოების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციაში.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვნად მიიჩნევს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვას. როგორც ორგანიზაციებში აცხადებენ,  ადმინისტრაციული რესურსების უკანონოდ, საარჩევნო მიზნებისათვის გამოყენება ქართული არჩევნებისათვის ყველაზე დამახასიათებელი ტენდენციაა. „რაც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს როგორც არჩევნების პროცესის მიმდინარეობაზე, ასევე, არჩევნების შედეგებზე. საარჩევნო კანონმდებლობა უნდა  გამორიცხავდეს ადმინისტრაციული რესურსის პარტიული მიზმებისათვის  გამოყენების შესაძლებლობას, რაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი ნორმატიული ბაზის დახვეწის გზით,“ - ნათქვამია რეკომენდაციაში.

ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდს არ უნდა შეეხოს და ის არასაარჩევნო პერიოდზეც უნდა გავრცელდეს. რადგან როგორ ორგანიზაციებში აცხადებენ, რადგან პარტიები საარჩევნო კამპანიას კოდექსით გათვალისწინებულ  ვადაზე ადრე იწყებენ.

რაც შეეხება საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, საარჩევნო სიებს, არასამთავრობო სექტორში თვლიან, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს სიების დაზუსტების პროცესი, თუმცა, ის არა სიების დაზუსტების კომისიამ, არამედ თავად სარჩვნო ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან ერთად.

„ჩვენ ვფიქრობთ,  რომ თუ ეს საკითხები არ შეიცვალა, მაშინ მოგვიწევს რაღაც ფასადური ცვლილებების განხორციელება,  რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. ამით ჩვენ ვერ  მივაღწევთ ძირეულ პოზიტიურ ცვლილებებს საარჩევნო რეფორმის კუთხით.  დავინახეთ, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით მზაობა ხელისუფლების მხრიდან არსებობს.  საარჩევნო სისტემის უცებ შეცვლა არ შეიძლება. ამას სჭირდება დისკუსია და პოლიტიკური კონსენსუსი. საშემოდგომო სესიაზე სამუშაო ჯგუფებში საკითხების განხილვა მინიმუმ უნდა დაიწყოს. რადგან რეფორმისთვის მზა დოკუმენტები უკვე არსებობს, ახლა მთავარი პოლიტიკური ნებაა,“ - ამბობს ნინო ლომჯარია.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, კოალიცია ქვეყანაში საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე მყარად არის ჩამოყალიბებული, თუმცა სისტემურ რეფორმას რაც შეეხება, „ამაზე მსჯელობა შეიძლება მას შემდგ, რაც შევთანხმდებით, ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე.  რადგან აქ პასუხი გასაცემია ოთხ კითხვაზე: რას ვირჩევთ, როგორ ვირჩევთ, ვინ ირჩევს და როდის ირჩევს. რაც შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის საარჩევნო სიებისა და ადმინისტრაციის მოწესრიგება, ეს შეიძლება საარჩევნო სისტემის ცვლილების  გარეშეც მოგვარდეს,“ - ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე