|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამერიკული სიმინდის პროგრამა ხელისუფლების ვერდიქტს ელოდება

ამერიკული  სიმინდის პროგრამის გაგრძელება-არგაგრძელებასთან დაკავშირებით ხელისუფლებას ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს. როგორც პარლამენტის აგრარულ კომიტეტში აცხადებენ, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღება, რაც ხელისუფლება გასულ წელს პროგრამის „მარცხის“ მიზეზებს დაადგენს.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიგლა აგულაშვილის თქმით, ჰიბრიდული სიმინდის პროგრამასთან დაკავშირებით  დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. რადგან ფერმერების ნაწილმა გარკვეული მოსავალი მართლაც მიიღო, დარჩენილ  ნაწილს კი მოსავლის  ნაცვლად თესლის შეძენის საფასური ვალად დაედო.

„პროგრამის გაგრძელება-არგაგრძელების საკითხი მის შედეგებს უკავშირდება. რადგან ყველა რაიონში თესლი  ერთნაირად ვერ აღმოცენდება. საკვლევია არა მარტო ფერმერებისათვის გადაცემული მარცვლის  ხარისხი, არამედ მისი გამოყენების პირობები. მეორე საკითხია, რამდენად იყო დაცული აგროვადები. რადგან სადაც სარწყავი სისტემა იყო და მოყვანის პირობები დაიცვეს, იქ მოსავალი მოვიდა. ამ კითხვებზე პასუხების გაცემის შემდეგ შეგვეძლება გადაწყვეტილების მიღება,“ - ამბობს გიგლა აგულაშვილი.

 აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის თქმით, კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც პროგრამის მიმართ ფერმერების უკმაყოფილება გამოიწვია, სათესლე მარცვლის იძულების წესით გავრცელებას უკავშირდება.  ფერმერების განცხადებით, სოფლებში  რწმუნებულები თავად ახდენდნენ  სათესლე მარცვლის რეალიზებას.

პროგრამის „მარცხის“ მიზეზების გაანალიზებამდე ხელისუფლების წარმომადგენლები დასკვნების გაკეთებისგან თავს იკავებენ. რადგან როგორც ამბობენ, ამგვარი სიფრთხილით ისინი სიმინდის სათესლე მარცვლის მწარმოებელი ამერიკული კომპანია „პიონერის“ საქმიან იმიჯსაც უფრთხილდებიან. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა