|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კონცერტი ლიტველი მუსიკოსების შესრულებით

ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრსა და მუსიკალურ დარბაზში ხვალ, 27 ნოემბერს, 17:00 საათზე, კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება. ქალაქს ცნობილი ლიტველი პიანისტები დედა და შვილი ალექსანდრა ჟვირბლიტე და პაულიუს ანდერსონი ეწვევიან. ისინი თეიმურაზ კობახიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულებენ კონცერტს (დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი).

პაულიუს ანდერსონი პიანისტთა ოჯახიდანაა, იგი მესამე თაობის მუსიკოსია. მისი ბებია ვერონიკა ვიტაიტე სახელოვან მუსიკოსს წარმოადგენს, მას მსოფლიოში ექსპერტ-პედაგოგის სტატუსით მოიხსენიებენ.

ვერონიკა ვიტაიტე არაერთხელ სწვევია საქართველოს. მისი შთამომავლებიც ამ ტრადიციას აგრძელებენ და კონცერტს (ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე) გამართავენ ქუთაისის ოპერის თეატრში.

პირველ განყოფილებში ბრამსის ინტერმეცოს და შუმანის „ფანტაზიას“ ალექსანდრა ჟვირბლიტე შეასრულებს, მეორე განყოფილებაში კი  17 წლის პაულიუს ანდერსონი დაუკრავს რახმანინოვის კონცერტს #2 ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის. 

28 ნოემბერს ლიტველი პიანისტები მასტერკლასებსაც ჩაატარებენ ქუთაისის სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისათვის.

კონცერტი ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართება.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი