პარლამენტი ხე-ტყის უკანონო ჭრაზე კონტროლს იწყებს
ტყიბულის რაიონში ხე-ტყის უკანონო ჩეხვის ფაქტებს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტი შეისწავლის.
აღნიშნული მიზნით კომიტეტის წევრები დღეს, ტყიბულში გაემგზავრნენ.
კომიტეტის ხელმძღვანელის გია ცაგარეიშვილის თქმით, ხე-ტყის
უკანონო ჭრასთან დაკავშირებით ინფორმაცია
როგორც კომიტეტში, ისე ტყიბულის მაჟორიტართან
მიდის. ამიტომ, ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხის შესწავლა კომიტეტის
ვალდებულებას წარმოადგენს.
„ჩვენ ვალდებული ვართ ჩავიდეთ ადგილზე, შევხვდეთ ადგილობრივ
მოსახლეობას და დავათვალიეროთ ეს ადგილები. ანალოგიური ვითარება იყო ჭიათურაშიც. სადაც ასევე, გაიგზავნა ჯგუფი, დასრულდა შემოწმება
და რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ არასასიამოვნო
ფაქტები გამომზეურდა. გაგრძელდება ლიცენზიანტების
შემოწმება. თუ ისინი არღვევენ ლიცენზიაში ჩადებულ პირობებს, ისინი არღვევენ საქართველოს
კანონმდებლობას, ჩვენ მყისიერად ვიმოქმედებთ,“ - ამბობს ცაგარეიშვილი.
გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის თქმით, ხე-ტყის
უკანონო ჭრასთან დაკავშირებით პრობლემები ქვეყნის სხვადასხვა რაიონში არის, ამიტომ,
პარლამენტმა გარემოს დასაცავად უნდა იზრუნოს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე