|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბესელია პოლიტპატიმრების სიასთან დაკავშირებული პრეტენზიების ავტორებს პასუხობს

პოლიტპატიმრების სიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების ავტორებს ეკა ბესელია მოუწოდებს პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ ნათქვამს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პარლამენტში დღეს პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც სიასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს უპასუხა.

„ვინც აკეთებს ისეთ განცხადებას, რომ პოლიტპატიმრების სიაში ნათესავ-მეგობრები არიან, ერთი გვარი დაასახელონ. კეთილი ინებონ და პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამგვარ ნათქვამს. არც ერთი გვარი, რომელიც ამ სიაში შევა, არ იქნება მოუმზადებელი და დაუსაბუთებელი. რადგან ჩვენ ვმუშაობთ  ძალიან მაღალი სტანდარტით. სია ვერასოდეს ვერ იქნება სრული კონსენსუსის საგანი, რადგან ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც იტყვის, ის რატომ ვერ მოხვდა სიაში და სხვისი გვარი რატომ არის,“ - ამბობს ეკა ბესელია.

ბესელიას თქმით, მისთვის მიუღებელია საიას თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის განცხადება, რომ სამუშაო ჯგუფი ზედაპირულად უდგება პატიმართა საქმეებს.

„საია ამ ჯგუფში არ არის და მან რა იცის ჩვენ რა რეჟიმში ვმუშაობთ?  ამგვარ განცხადებებს იყენებს „ნაციონალური მოძრაობა“. მე ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო განცხადებებისაგან. ჩვენ ყველა პატიმრის საქმეს ვუდგებით ერთნაირად. კომისია ყველა განცხადებას განიხილავს, თუმცა პოლიტპატიმრის  სიაში შესაძლოა, ყველა მათგანი ვერ მოხვდეს,“ - ამბობს ბესელია.

მისი თქმით, პოლიტპატიმრებისა და დევნილების საბოლოო სია 5 დეკემბერს გამოქვეყნდება. როგორც ბესელია ამბობს, დამატებით  შემოსული საქმეების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, დაახლოებით 200-კაციანი სია კიდევ გაიზრდება. 

პოლიტპატიმრების სია პარლამენტს გასულ კვირაში სესიაზე უნდა დაეტკიცებინა, თუმცა გადაიდო. აღნიშნულის მიზეზად კი სამუშაო ჯგუფში, დამატებით, ახალი საქმეების შესვლა დასახელდა.

პოლიტპატიმრების სიაზე არასამთავრობო ორგანიზიციებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფი მუშაობს.  12 ორგანიზაციისგან დაკომპლექტებული ჯგუფი საიამ და კონსტიტუციის 42-მუხლმა დატოვეს. საიას ხელმძღვანელის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფი ყველა პატიმრის საქმეს არ განიხილავდა და ორგანიზაციები პოლიტპატიმრების უკვე არსებულ სიას ავტომატურად ამტკიცებდნენ.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე