რეკომენდაციები ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის დასახვეწად
ქუთაისის
2013 წლის ბიუჯეტის პროგრამების დახვეწა, თვითმმართველობისთვის დელეგირებული
უფლებამოსილების მკაცრად განსაზღვრა და მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობის
გაზრდა - ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების
ჩამონათვალია, რომელიც „ახალგაზრდა ეკონომისტთა
ასოციაციის“ იმერეთის
წარმომადგენლობამ ქუთაისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს დღეს
წარუდგინა.
ქალაქის მომავალი
წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტების განხილვა და რეკომედაციების წარდგენა
პროექტის „ჩაერთე შენი ქალაქის მართვაში“ ფარგლებში
შედგა, რომელსაც „ახალგაზრდა ეკონომისტთა
ასოციაციის“ იმერეთის რეგიონის წარმომადგენლობა ახორციელებს.
„შეხვედრის
მიზანია, ჩვენს მიერ შემუშავებული
რეკომენდაციების გაცნობასთან ერთად, განვიხილოთ ამდროისათვის არსებული 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი. ასევე, ბიუჯეტთან
მიმართებაში მოვისმინოთ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან წამოსული
წინადადებები, რომელიც ერთობლივად წარედგინება
ადგილობრივ თვითმმართველობას“, - განმარტა „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“
იმერეთის რეგიონის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, პროექტის „ჩაერთე შენი ქალაქის
მართვაში“ დირექტორმა, პაატა კლდიაშვილმა.
პროექტის
„ჩაერთე შენი ქალაქის მართვაში“ წარმომადგენლების განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტი
უფრო დახვეწილი უნდა იყოს. „ეს ნიშნავს იმას, რომ
ესა თუ ის სოციალური პროგრამა
განმარტებული უნდა იყოს – თუ ვინ არის
პროგრამის ბენეფიციარი და რის მიხედვით ხდება მისი შერჩევა“,- აღნიშნეს დღევანდელ შეხვედრაზე. „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“
იმერეთის წარმომადგენლობის შენიშვნები სოციალური პროგრამებით მოსარგებლე
ბენეფიციარის დუბლირებასაც შეეხო.
„სხვადასხვა სოციალური პროგრამით ერთი და იგივე ბენეფიციარი სარგებლობს“, - განმარტეს შეხვედრაზე.
როგორც
პროექტის დირექტორმა განმარტა,
ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის პროგრამები ძირითადად მიმართული უნდა იყოს ქალაქის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, რომელიც
თავის მხრივ, ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს. თუმცა, „ბიუჯეტიდან
სოციალური პროგრამების ამოღება შეუძლებელია, რადგან ქვეყანაში სოციალური ფონი
დაბალია. მაგრამ ვფიქრობთ, რომ სოციალური და ჯანდაცვის საკითხები ძირითადად, მაინც
ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა იყოს დაფინანსებული“,- აღნიშნა პაატა კლდიაშვილმა.
„ახალგაზრდა
ეკონომისტთა ასოციაციის“ იმერეთის წარმომადგენლობის გარდა, თავიანთი
რეკომენდაციები საიას ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლებმაც გააჟღერეს. „ჩვენი
რეკომენდაციები ეხება სოციალურ პროგრამებს, რადგან ქალაქში არ არის ტრანსპორტი, რომელიც
შეზრუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მოემსახურება. ასევე, აუცილებელია ქალაქში
არსებობეს ქუჩის ბავშვებისათვის დღის ცენტრი,
სადაც ისინი ელემენტარულ განათლებას მიიღებენ“,-
აღნიშნა საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარემ თამარ ფაჩულიამ.
შემუშავებული
რეკომენდაციების წარდგენა ადგილობრივი თვითმმართველობისათვის მიმდინარე წლის 5
დეკემბრისათვის იგეგმება.
„იმედია
ჩვენი რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული“,- აღნიშნა პაატა კლდიაშვილმა.
პროექტს „ჩაერთე შენი ქალაქის მართვაში“ „საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის“ იმერეთის წარმომადგენლობა ქუთაისის მასშტაბით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს, ადგილობრივი მოსახლეობის გააქტიურებას და მოქალაქეთა ინფორმირებას თვითმმართველობის ფუნქციებისა და ადგილობრივი ბიუჯეტის შესახებ. ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ამაღლებას სამოქალაქო მონიტორინგის მიზნით.
პროექტი ხორციელდება ამერიკელი ხალხის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის მხარდაჭერით.ავტორი: თეკლა მორგოშია