|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხონის საკრებულოს თავმჯდომარეს 7000 ლარიანი გირაო დააკისრეს

ხონის საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი გელენიძეს სასამართლომ 7 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა.

გელენიძე თანამდებობის ბოროტად გამოყენებისათვის გაასამართლეს. როგორც პროცესზე გაირკვა, მან ხონის სკარებულოს წევრის, პარლამენტარ აკაკი ბობოხიძის ძმისგან,  ლევან ბობოხიძისაგან ელექტრონული ტენდერის გზით „ნისანის“  მარკის მეორადი ავტომობილი 20 000 ლარად შეიძინა. საუბარი იყო იმაზე, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ ავტომანქანა ბიუჯეტის ფულით შეიძინა, ხოლო ტენდერი უკანონო იყო.

აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია სასამართლოს  მოქალაქემ მიაწოდა, რომლის ვინაობა კონფიდენციალობიდან გამომდინარე,  არ სახელდება.

ლევან ბობოხიძის თქმით, უკანონო არაფერი ყოფილა და ის მის საკუთრებას იმდენ ლარად გაყიდდა, რამდენიც  სურდა. საპარალმენტო უმცირესობის წარმომადგენლები კი, რომლებიც დღეს პროცესს ესწრებოდნენ, აცხადებენ, რომ გიორგი გელენიძეს პოლიტიკური ნიშნით დევნიან.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს ხონის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია.  როგორც ჯიბუხაიამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, კომენტარის გაკეთება მას შემდეგ შეძლებს, როდესაც  ფაქტთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიიღებს. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე