საპარლამენტო კონსულტაციები ომბუდსმენის ძიებისთვის
სახალხო დამცველობის მსურველმა პირებმა საპარლამენტო
უმრავლესობას ომბუდსმენის ინსტიტუტთან დაკავშირებით თავიანთი ხედვები დახურულ კარს
მიღმა გააცნეს. უმრავლესობის წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი ყველა
კანდიდატს მოუსმენენ, რადგან ქვეყანაში დასრულდა ის დრო, როდესაც გადაწყვეტილება ერთპიროვნულად
მიიღებოდა.
უმრავლესობასთან შეხვედრაზე დღეს, ნათია იმნაძე, დიმიტრი
ლორთქიფანიძე და ლია მუხაშვრია იმყოფებოდნენ.
თითოეული კანდიდატი თავის პრიორიტეტებსა და უპირატესობებს
ასახელებდა. მაგალითად, ნათია იმნაძეს, რომელსაც ომბუდსმენის ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილება
აქვს, მიაჩნია, რომ მის უპირატესობას ექტრემალურ სიტუაციებში მუშაობისა და და ომბუდსმენის
აპარატის საქმიანობის სპეციფიკის ცოდნა წარმოადგენს. მეორე კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე,
რომელიც წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო, მიიჩნევს, რომ წამების პრევენციის
მექანიზმების უკეთ ამუშავებაა საჭირო. ლია მუხაშვრია თვლის, რომ საქართველოში გამოძიების
პრობლემაა.
„ამ ქვეყანას აქვს გამოძიების პრობლემა და ვიდრე გამოძიებული
არ იქნება ადამიანთა უფლებების დარღვევის, წამების ფაქტები, ადამიანის უფლებების დაცვას
ამ ქვეყანაში აზრი არ აქვს. დღეს ჩვენ კარგი
შესაძლებლობა გვქონდა პარლამენტისათვის დაგვემტკიცებინა
რომ ვართ კომპეტენტურები და გვესმის საკითხი. ჩვენ მივიღეთ ოფიციალური მოწვევა და გამოვცხადდით
პროცედურის დაცვით,“ - ამბობს მუხაშვრია.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, მანანა კობახიძის
თქმით, სახალხო დამცველი თავის სიმაღლეზე უნდა
იყოს, ხოლო ადამიანის უფლებების დაცვა ქვეყნის ხელისუფლების პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.
„სახალხო დამცველის ინსტიტუტი იყო რაღაც უფლებათა დარღვევების
აღმწერი, რადგან მისი არც ერთი რეკომენდაცია არ იყო გათვალისწინებული. გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ მივიღებთ, რაც
სხვა კანდიდატებს მოვუსმენთ,“ - ამბობს კობახიძე.
უმრავლესობის შეთავაზების მიუხედავად, ომბუდსმენობის
მსურველ კანდიდატებთან შეხვედრაზე დღეს არ იმყოფებოდნენ უმცირესობის წარმომადგენლები.
მისი ერთ-ერთი წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით,
„ნაციონალური მოძრაობა“ სახალხო დამცველის პოსტზე თამარ გურჩიანს უჭერს მხარს.
თაქთაქიშვილის განცხადებით, გურჩიანი ცნობილია,
როგორც ადამინიას უფლებათა დამცველი და მის მიმართ უმცირესობას ყველაზე ნაკლები პრეტენზია
აქვს.
„იგივეს ვერ ვიტყვით სხვა კანდიდატებზე, რომლებიც გამოირჩევიან
განსაკუთრებით უმცირესობებთან მიმართებაში ძალიან უარყოფითი და ანტიკონსტიტუციური დამოკიდებულებით. მხედველობაში მყავს ბატონი დიმიტრი
ლორთქიფანიძე. ქალბატონ ლია მუხაშავრიასთან
დაკავშირებით პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ
თავის მიერ მიღებულ ძალიან სკანდალურ განჩინებაში მუხაშავრიას არაკვალიფიციურობის თაობაზე
მიუთითა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი კანდიდატები არ შეიძლება იყვნენ სახალხო დამცველობის
კანდიდატები,“ - ამბობს თაქთაქიშვილი.
მისი თქმით, უმრავლესობამ დაარღვია ის პირობა, როდესაც
განაცხადა, რომ ომბუდსმენად არასამთავრობო
ორგანიზაციის მიერ დასახელებულ კანდიდატს შეარჩევდნენ.
„პოლიტიკური სიმპათიებიდან გამომდინარე, მათ მხარი დაუჭირეს მათი აქტივისტისა და ახლა უკვე გამგელის
მეუღლეს ნინო ხატისკაცს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერს თამარ გურჩიანს. ამის შესახებ ჩვენ ადრეც ვამბობდით. რაც შეეხება სხვა კანდიდტებს,
მათ მიმართ მკვეთრად გამოხატული უარყოფითი პოზიცია გვაქვს,“ - ამბობს თაქთაქიშვილი.
„ნაციონალების“ ფავორიტად დასახელებული თამარ გურჩიანი დღეს, შეხვედრაზე არ იმყოფებოდა. აღნიშნულის მიზეზად
კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.
უმრავლესობას არც გელა ნიკოლაიშვილი და უჩა ნანუაშვილი შეხვდნენ. პირველმა თავად
არ ისურვა შეხვედრა იმ მოტივით, რომ მისი შეხედულებები უმრავლესობისათვის ცნობილი იყო,
ხოლო ნანუაშვილის არ გამოცხადების მიზეზად მისი უცხოეთში ყოფნა დასახელდა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე