|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონის გამგებელი წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს

პროკურატურამ ზესტაფონის ახალარჩეული გამგებელი კახა გეწაძე დააკავა. გეწაძე, რომელიც პროკურატურაში მოწმის სტატუსით იყო დაბარებული, სამართალდამცავებმა იმერეთის სამხარეო სამმართველოს წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

გეწაძის დაკავებასთან დაკავშირებით,  სამხარეო სამმართველოსთან იმყოფებოდნენ მხარის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე და საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე.  თევდორაძის ქმით, ხელისუფლება უმოტივოდ აგრძელებს ზეწოლას ადგილობრივი თვითმართველობების წარმომადგენლებზე.

როგორც ცნობილი ხდება, საქმე ეხება დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, ზესტაფონში მომხდარ ჩხუბის ფაქტს.

პროკურატურის ინფორმაციით, 2011 წლის 23 მაისს ზესტაფონის რაიონულ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის N052118005 საქმეზე, ზესტაფონის რაიონის დაბა  შორაპანში გ. კ.-ს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეზე გამოძიება თავდაპირველად მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა, ხოლო შემდგომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა განაგრძო.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია შემდეგი:

2011 წლის 22 მაისს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში კლუბ „ზესტაფონის" გამარჯვებასთან დაკავშირებით, ზესტაფონის რაიონის დაბა შორაპანში, თ. კ.-ს ოჯახში გაიმართა ბანკეტი. წვეულებაზე იმყოფებოდა დაახლოებით 25-30 სტუმარი, მათ შორის იმჟამად პარლამენტის წევრი კახა გეწაძე, იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, აგრეთვე  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები.

ბანკეტის მიმდინარეობისას ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კახა გეწაძე გამოირჩეოდა აგრესიითა და ქედმაღლობით, საუბრობდა ხმამაღლა, იყენებდა უცენზურო სიტყვებს და ზოგადად ამჟღავნებდა აგდებულ და ცინიკურ დამოკიდებულებას სხვებისადმი. დაახლოებით 22 საათსა და 30 წუთზე, სტუმრების ნაწილმა დატოვა სუფრა და გავიდა ეზოში. ჯერ კიდევ წვეულების მიმდინარეობისას გამოვლენილი ცინიკური განწყობის დემონსტრირების მიზნით, კახა გეწაძე გადავიდა აქტიურ მოქმედებებზე, კერძოდ მან გ. შ. აიტაცა ხელში და აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო როცა შ.-მ მოახერხა, გამოსცლოდა ხელიდან, კახა გეწაძემ ხელი ჰკრა შ-ს, დაუწყო დედის მისამართით გინება და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მის მეგრულ წარმოშობაზე მითითებით.

გაშველების მიზნით კონფლიქტში ჩაერთვნენ მ. ფ., გ. ა., გ. კ., ა. დ. და გ. ა., რომლებმაც კახა გეწაძეს თხოვეს დამშვიდებულიყო, თუმცა ეს უკანასკნელი არ დაემორჩილა მათ თხოვნას და არაფრად ჩააგდო გარშემო მყოფი საზოგადოება, პირიქით გ. კ.-ს ხელი გაარტყა სახეში, წააქცია ეზოში არსებულ მანქანის სავალ ზოლზე, წაქცეულს ფეხში ჩაარტყა ფეხი და მიაყენა მარჯვენა კოჭ-წვივის სახსრის ორგოჯოვანი მოტეხილობა, ტერფის ქვეამოვარდნილობა, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანების ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ამასთან ა. დ.-ს რამდენჯერმე გაარტყა სახეში ხელი, რითაც მას მსუბუქი ხარისხის დაზიანებები მიაყენა სისხლნაჟღენთების სახით.

კახა გეწაძემ, რომელიც იქცეოდა უკიდურესად თავშეუკავებლად, ა. დ.-ს  შემოახია პიჯაკი და პერანგი, ხოლო შემდეგ საკუთარი მანქანიდან ამოიღო მასზე განპიროვნებული „CZ"-ს მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ტარი რამდენჯერმე დაარტყა იმერეთის მხარის ადმინისტრაციის კუთვნილ „TOYOTA PRADO"-ს მოდელის ავტომობილის საქარე მინას, რომლის დაზიანებით სახელმწიფოს 1550 ლარის ზიანი მიადგა. გ. ა.-მ შეძლო კახა გეწაძისთვის იარაღის წართმევა, რის შემდეგაც კახა გეწაძე მივიდა ავტომანქანაში მოთავსებულ გ. კ.-თან და ფეხი კვლავ ჩაარტყა მოტეხილ ფეხში.

კახა გეწაძის მიერ ზემოაღნიშნული ქმედებების გრძელდებოდა 20-30 წუთის განმავლობაში, რა დროსაც უხეშად დაირღვა მითითებულ წვეულებაზე შეკრებილი საზოგადოების სიმშვიდე.

2012 წლის 29 ნოემბერს კახა გეწაძეს წარედგინა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით, 239-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება და იგი დაკავებული იქნა. წარდგენილ ბრალდებაში მან თავი დამნაშავედ არ სცნო და ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით. მას არ უსარგებლია ადვოკატის მომსახურებით.

ზესტაფონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი კახა გეწაძე მუნიციპალიტეტის გამგებლად მიმდინარე წლის ორ ნოემბერს აირჩიეს. გეწაძის არჩევას ადგილობრივი მოსახლეობა პროტესტით შეხვდა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე