უმრავლესობა ყოფილი ხელისუფლების ჩინოვნიკებს ხელშეუხებლობის გარანტიებს ვერ აძლევს
ზესტაფონის გამგებლის, კახა გეწაძის დაკავებას უკვე
მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა განცხადებით,
საქართველოს მთავრობა ადგილობრივ თვითმმართველობებზე გადამწყვეტ შეტევას ახორციელებს.
უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ხელშეუხებელი ვერავინ იქნება.
პროკურატურამ ზესტაფონის ახალარჩეული გამგებელი კახა
გეწაძე დღეს დააკავა. გეწაძე, რომელიც პროკურატურაში მოწმის სტატუსით იყო დაბარებული,
სამართალდამცავებმა იმერეთის სამხარეო სამმართველოს წინასწარი მოთავსების იზოლატორში
გადაიყვანეს. უმცირესობის წარმომადგენლის გოკა
გაბაშვილის თქმით, გეწაძეს, რომელიც ამავდროულად ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია,
სპორტის სამინისტროდან თანამდებობიდან წასვლას აიძულებდნენ, რაზეც მან უარი განაცხადა.
„საქართველოში თვითმმართველობების წინააღმდეგ დაწყებულია პოლიტიკური რეპრესიები. თვითმმართველობების ყველა ორგანოში, რომელსაც „ქართული
ოცნება“ არ აკონტროლებს, ფინანსური პოლიცია შევიდა. გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს
პირდაპირ უყენებენ ულტიმატუმს - ან გადადგნენ, ან დაიჭერენ. ზესტაფონის გამგებელი კახა
გეწაძეც „ყურითმოთრეული ბრალდებით“ დაიჭირეს,“ - განაცხადა გაბაშვილმა გეწაძის დაკავებასთან
დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.
პროკურატურის ინფორმაციით, კახა გეწაძე ფიზიკური და
სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის დააკავეს. საქმე ეხება დაახლოებით წელიწადნახევრის წინ,
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპანში მომხდარ ფაქტს. როგორც ირკვევა, გასული
წლის 22 მაისს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ გამარჯვებას შორაპანში, ერთ-ერთ
ოჯახში აღნიშნავდნენ, სადაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კახა გეწაძე აგრესიით გამირჩეოდა
და უცენზურო სიტყვებს იყენებდა.
პროკურატურის ინფორმაციით, გეწაძის მიმართ სისხლის სამართლის
საქმე სამი მუხლით- სხვისი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებით, ხულიგნობისა
და სხვისი ნივითის დაზიანება - განადგურების ბრალდებით აღიძრა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, გამგებელმა სცემა
ის ადამიანები, რომლებიც მას დამშვიდებას სთხოვდნენ, ხოლო იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის
კუთვნილ „ტოიოტა პრადოს“ მოდელის ავტომობილის საქარე მინას რამდენჯერმე ჩაარტყა მისი
კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი. რის შედეგად მიღებულმა დაზიანებამ სახელმწიფო ბიუჯეტს
1550 ლარის ზარალი მოუტანა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას თქმით, გამოძიებას უნდა ჰქონდეს საკმარისი მასალები და
დოკუმენტები, როდესაც იღებს გადაწყვეტილებას პირის დაკავების შესახებ. რაც შეეხება პოლიტიკურ დევნას,
ბესელია მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა მათი მომხრე პირის, წევრისა თუ მხარდამჭერის დაკავებას ან პასუხისმგებლობის ფაქტებს პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.
„მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ წინა ხელისუფლებაში მყოფი
არც ერთი პირი არ უნდა აგებდეს პასუხს, მიუხედავად იმისა, მან ჩაიდინა თუ არა დანაშაული.
ბუნებრივია, ასეთი ტიპის ინდულგენცია და ხელშეუხებლობა ვერავის ვერ ექნება ხელისუფლებიდან.
თუმცა ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები იმ საკითხში, რომ არც ერთი ადამიანის მიმართ,
რამდენად მიუღებელი არ უნდა იყოს ის ახალი ხელისუფლებისა თუ საზოგადოებისათვის, პოლიტიკური
დევნა არ განხორციელდება,“ - ამბობს ბესელია.
კახა გეწაძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტზე
მიმდინარე წლის 2 ნოემბერს აირჩიეს. მის არჩევას ადგილობრივი მოსახლეობა პროტესტით
შეხვდა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე