გაერთიანებული მედია ძალადობის წინააღმდეგ
დღეს, ქუთაისის
ოპერისა და ბალეტის თეატრში ჟურნალისტის ცემის ფაქტს გამოეხმაურნენ ადგილობრივი მედიის
წარმომადგენლები. ოცდაათამდე ჟურნალისტმა სოლიდარობის აქცია
გამართა - „გაერთიანებული მედია ძალადობის წინაღმდეგ“. სოლიდარობის
აქცია დუმილის რეჟიმში 5 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. „ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი
ვარ. როდესაც პროფესიულ საქმიანობაში ჟურნალისტს ხელს უშლიან, ეს უკვე დანაშაულია.
ქვეყნის განვითარებას და დემოკრატიას ეს არ წაადგება. ეს ფაქტები არ მეტყველებს იმაზე,
რომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატილი იქნება“– აღნიშნა „რადიო ძველი ქალაქის“ საინფორმაცი
სამსახურის უფროსმა ზვიად ხუჯაძემ.
ქუთაისში, განახლებულ მოედანზე, ახლადგახსნილი შადრევნის
გარშემო მოწყობილ აქციას, თავად დაზარალებული ჟურნალისტიც ესწრებოდა. მისი თქმით, ის ქუთაისის ოპერის თეატრში ვანო მერაბიშვილის დაცვის წევრებმა სასტიკად
ცემეს და სიტყვიერი შეურაცყოფაც მიაყენეს.
გაზეთ „p.s”-ის
ჟურნალისტის ცემის ფაქტს შეესწრო ტელეკომპანია მაესტროს ქუთაისის კორესპონდენტი ნანა
თვალაბეიშვილი. თვალაბეიშვილი ადგილზე ირაკლი
ვაჩიბერაძის ზარის შემდეგ მივიდა. „როცა ირაკლიმ დამირეკა ოპერასთან მივედი. უკვე შეხვედრიდან
გამოდიოდნენ ვანო მერაბიშვილი და მიხეილ მაჭავარიანი. არ ვიქნებოდი საკუთარ თავთან
მართალი და ვუღალეტებდი იმ პრინციპებს, რომელითაც 20 წელი ვმუშაობ, რომ არ მივსულიყავი
მინისტრთან და ჟურნალისტის ცემის ფაქტის შესახებ არ მეკითხა. კითხვა პირადად დავუსვი,
თუმცა არავითარი პასუხი არ მიმიღია. დაცვამ ხელის კვრა დამიწყო და გაწევ გამოწევა დაიწყო.
იქვე იყვნენ გუბერნატორი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები. ჩემი
თვალით ვუყურებდი ამ დროს როგორ სცემდნენ გარეთ
მინდორეზე ჟურნალისტს,“– აღნიშნა ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტმა.
შეგახსენებთ, რომ
ირაკლი ვაჩიბერაძის ცემის ფაქტი მხოლოდ დღეს არ მომხდარა. ჟურნალისტი 2 მაისს, პრეზიდენტის
ვიზიტისას, სააკაშვილის დაცვის წევრებმაც სცემეს,
როდესაც ის მესხიშვილის თეატრში შესვლას ცდილობდა.
2 მაისს, პროფესიული
მოვალეობის შესრულებისას, პრობლემები შექმნათ რეგიონალური მედიის სხვა ჟურნალისტებსაც,
მათ შორის newpress.ge-ს ჟურნალისტებს. ადგილობრივი მედიის წარმომადგნელებს
პრეზიდენტის ვიზიტის გაშუქებისა და მესხიშვილის თეატრში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს.
მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისობის დღესაწაულზე საზოგადეობას სწორედ მესხიშვილის თეატრიდან
მიმართა, სადაც მხოლოდ ნაციონალური მაუწყებლები დაუშვეს.
ბოლო ორი დღის მანძილზე
მომხდარი ინცინდენტების შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ ქუთაისის მერიაში ჟურნალისტებისათვის
ახალი შეზუდვები დააწესეს. დღეს მერიის მისაღებში მედიის წარმომადგენლებს განუცხადეს,
რომ შენობაში მათი შესვლა დაცვის მიერ უნდა გაკონტროლდეს.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე