პოლიტპატიმრების სრულ სიას სამუშაო ჯგუფი კომიტეტს ხვალ გადასცემს
პოლიტპატიმრებისა და დევნილთა სიაზე მომუშავე ჯგუფი
პოლიტიკუტი ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საბოლოო სიას იღებს. ჯგუფში ბოლო დღეებში დაახლოებით 40-მდე განცხადება შევიდა.
სამუშაო ჯგუფი მუშაობას დღეს ასრულებს, ხოლო
მიღებულ სიას, ხვალ, ადამიანის უფლებათა კომიტეტს გადასცემს. სიის დამტკიცებაზე კი საბოლოო ჯამში, პარლამენტი ხუთი დეკემბრის სესიაზე იმსჯელებს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის
ეკა ბესელიას თქმით, კომისია იმსჯელებს მოხდება თუ არა იმ საქმეების განხილვა, რომლებიც
დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოვიდა. თუმცა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ
ყველა საქმე უნდა შეისწავლონ.
კომისიის დახურულ შეხვედრაზე ადვოკატებს, პოლიტპატიმრებისა
თუ დევნილთა ოჯახების წარმომადგენლებს ამ წუთებშიც უსმენენ.
პოლიტპატიმრებისა და დევნილების სია პარლამენტს გასულ
კვირაში გამართულ სესიაზე უნდა დაემტკიცებინა, თუმცა გადაიდო. მიზეზად ახლად შემოსული
საქმეები დასახელდა. სიის დამტკიცების გადადებით უკმაყოფილო ნანა კაკაბაძემ, რომელიც
სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი წევრია, პარლამენტი ატირებულმა დატოვა. ხოლო უმცირესობის წარმომადგენლებმა
სიას უნდობლობა გამოუცხადეს, პარლამენტი დაგეგმილი ღონისძიების მიზეზით დატოვეს და
უმრავლესობას „ზრდილობის“ ნიშნად მხოლოდ ორი „ნაციონალი“ დეპუტატი დაუტოვეს. უმცირესობაში თვლიან, რომ პოლიტპატიმრების
სია „ქართული ოცნების“ შინაური პატიმრების
სიას წარმოადგენს.
პოლიტპატიმრებისა და დევნილთა დაახლოებით 200 კაციან
სიაში უკვე მოხვდნენ ყოფილი პროკურორი და სინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი,
ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, ფეხბურთელი
გიორგი დემეტრაძე, ჯაშუშობისათვის მსჯავრდებული და თბილისში, შტატების საელჩოსთან განხორციელებულ
აფეთქებებში, ასევე მუხროვანის ამბოხის ეპიზოდში მონაწილე პირები. სამუშაო ჯგუფს განცხადებით
მიმართა ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე