|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„დუპლეტის“ პრემიერა მესხიშვილის თეატრში გაიმართება

ხვალ, 1 დეკემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი სახელწოდებით „დუპლეტი“, ვაცლავ ჰაველის „აუდიენციას“ და ჰაროლდ პინტერის „წასვლამდე“ პიესების გაერთიანებას წარმოადგენს. დადგმას რეჟისორი კოტე აბაშიძე განახორციელებს.

„სპექტაკლში ორი პიესაა გაერთიანებული. ისინი  აზრობრივად და კონცეპტუალურად არიან დაკავშირებულნი. ფრანგულიდან წარმოშვებული სიტყვა დუპლეტი, მაყურებელში პირველ რიგში ბილიარდის ასოციაციას იწვევს. ეს ასოციაცია სწორია, რადგან გარკვეული თვალსაზრისით სპექტაკლთან კავშირშია. ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე, ბილიარდში, როდესაც ერთი ბურთულა ვარდება ერთ ლუზაში, თუ სწორად არის დარტყმული, მეორეც აუცილებლად ჩავარდება მეორე ლუზაში. ჩვენი სპექტაკლის შემთხვევაშიც ასეა: ის რაც პირველ მოქმედებაში ხდება ჰაველის პიესაში, აუცილებლად გამოიწვევს იმას, რაც ხდება მეორე მოქმედებაში ჰაროლდ პინტერთან“, - აღნიშნავს კოტე აბაშიძე.

დრამა „დუპლეტი“ კოტე აბაშიძის მეორე სპექტაკლია ქუთაისში. მასზე მუშაობა ზაფხულში დაიწყო. განხორციელდა სპექტაკლის შიდა ჩაბარება. პრემიერა 25-26 სექტემბერს უნდა ყოფილიყო, მაგრამ სექტემბერ-ოქტომბერის პოლიტიკურმა მოვლენებმა გადაწია სპექტაკლის ჩვენება. „ოქტომბრის თვე სხვა კატაკლიზმებით იყო დატვირთული. არ ღირდა სპექტაკლის გამოტანა, რადგან გარეფონი არ იყო ამისთვის მზად“,-  აღნიშნა კოტე აბაშიძემ.

სპექტაკლში დაკავებულნი არიან მესხიშვილის თეატრის მსახიობები: ელზა სულაძე, დავით როინიშვილი და ზვიად სვანაძე. კოტე აბაშიძის დადგმა ორმოქმედებიანია.

 „სპექტაკლი, თავისი პლუსით და მინუსით, რაც ახასიათებს ყველა სპექტაკლს, შემოქმედებითად მზად არის იმისთვის, რომ წარსდგეს მაყურებლის სამსჯავროზე“, - განაცხადა კოტე აბაშიძემ.

სპექტაკლის პრემიერა მესხიშვილის თეატრში 1 დეკემბერს, 19:00 საათზე დაიწყება.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი