აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში ბინები გადასცეს
ქუთაისში, აფხაზეთიდან დევნილ 65 ოჯახს დევნილთა სამინისტრომ
ბინები გადასცა. პროცესს დღეს მინისტრი დავით დარახველიძე ესწრებოდა.
რეაბილიტირებულ ორ კორპუსში ის დევნილები შეასახლეს,
რომლებიც ჭავჭავაძის გამზირზე, ქალაქის
#44 სკოლა-პანსიონის შენობაში ცხოვრობდნენ. მათთვის კორპუსები სწორედ აღნიშნული პანსიონის შენობის გვერდით მოაწყვეს.
„ძალიან სასიამოვნო პროცესია, როდესაც ადამიანს საბინაო
პრობლემა უგვარდება. ამ ეტაპზე ოჯახების შერჩევის კრიტერიუმი სამინისტროში
შემოსული განცხადებები გახდა. მათგან უპირატესობა უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს მიენიჭა,“ - ამბობს დევნილთა და განსახლების მინისტრი
დავით დარახველიძე.
კორპუსების რეაბილიტაციაზე, რომელიც გერმანიის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით
განხორციელდა, დაახლოებით მილიონი ლარი დაიხარჯა.
„20 წელია ბინას ველოდები. ახლა სამოთახიანი, გაზიფიცირებული
ბინა გადმოგვცეს. გვეუბნებიან, რომ საკუთრებაში დაგვიმტკიცდება. ძალიან გახარებული
ვართ,“ - ამბობს დევნილი მურმან ნიკოლაძე.
დევნილთა მინისტრის განცხადებით, ის დევნილები, რომლებიც
ბინების გარეშე დარჩნენ, საცხოვრებლებით მეორე ეტაპზე დაკმაყოფილდებიან.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე