|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონის გამგებელს 20 000 ლარიანი გირაო დააკისრეს

ზესტაფონის გამგებელსა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს კახა გეწაძეს სასამართლომ 20 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.

გეწაძე, რომელსაც გამოძიებამ ბრალი ოთხი მუხლით (ხულიგნობა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად დაზიანება, სხვისი ნივთის დაზიანება და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების წახალისება)   წაუყენა, თავს დამნაშავედ არ გრძნობს და აცხადებს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობისათვის მზად არის.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ სხდომაზე  გეწაძისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილეს. ბრალდების მხარე გამგებლისათვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ბრალდების წარმომადგენელი  სტაჟიორ-პროკურორი დარიკო ვადაჭკორია აცხადებდა, რომ  გეწაძე გარეთ ყოფნის პერიოდში  ხელს შეუშლიდა გამოძიებას, მტკიცებულებების  მოპოვებასა და მოწმეებზე ზეწოლას მოახდენდა.

ბრალდების მხარის განცხადებით, გასული წლის 22 მაისს,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანში თენგიზ კაკოჩაშვილის საცხოვრებელ სახლში გამართულ ბანკეტზე (სადაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ), მთვრალმა კახა გეწაძემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მხარის ყოფილ ვიცე-გუბერნატორ გიგა შუშანიას. კერძოდ, მას ხელი ჰკრა და დედის მისამართით გინება დაუწყო. გეწაძის დაწყნარება ზესტაფონის ყოფილმა გამგებელმა გივი არაბიძემ და იქ მყოფმა პირებმა სცადეს.

გიგა შუშანიას ცემის გარდა, გეწაძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თანამშრომელს გაბრიელ კვირიკაშვილსა და გივი არაბიძეს. ხოლო ბანკეტზე მყოფ კიდევ ერთ პირს პერანგი შემოახია. გარდა ამისა, ბრალდების მხარის ინფორმაციით, კახა გეწაძემ თანამდებობრივ უფლებამოსილებას გადააჭარბა, როდესაც 2010 წელს, მუნიციპალიტეტში გამოცხადებულ ერთ-ერთ ტენდერზე მის მიერ შერჩეული პირის გასამარჯვებლად რაიონის გამგებელსა და სატენდერო კომისიის ხელმძღვანელს გივი არაბიძეს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საბუთების მიღების ვადის გახანგრძლივება სთხოვა.

„სასჯელთა შეკრების პრინციპით, კახა გეწაძეს ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება. მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება იმიტომ არის საჭირო, რომ არსებობს  მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფუძველი,“ - განაცხადა დარიკო ვადაჭკორიამ.

თავად ბრალდებულის განცხადებით, წელიწადნახევრის წინ მომხდარ ჩხუბში ის დამნაშავე კი არა დაზარალებულია, რადგან თვალის არეში ჭრილობა და ტვინის შერყევა მიიღო. როგორც გეწაძემ განაცხადა, მომხადარის შემდეგ მან სამართალდამცავებს მიმართა და მომხდარის გამოძიება სთხოვა, თუმცა ამ უკანასკნელებმა მისი განცხადება თაროზე შემოდეს.

„მე სურვილი მქონდა გამოძიებისთვის ჩვენება მიმეცა, თუმცა არ მიმიცია. გარდა ამისა, არც ის პირები დაკითხულან, რომლებიც სუფრაზე იმყოფებოდნენ და რეალურად იციან რა მოხდა. ის, რაც იმ ღამეს მოხდა, დიდი ხნის წინ მზადდებოდა დამნაშავეთა ჯგუფის მიერ და ჩემს წინააღმდეგ იყო მიმართული. ხოლო ახალმა მთავრობამ შეკერილი საქმე გაიხსენა. მე არსად გაქცევას არ ვაპირებ, რადგან ოჯახი და სამი შვილი მყავს. ჩემი გარეთ ყოფნა გამოძიებას ობიექტურობის დასადგენად უფრო დაეხმარება,“ - განაცხადა კახა გეწაძემ.

გეწაძის დაცვის მხარემ ბრალდების არგუმენტებს უსაფუძვლო და მოტივაციას მოკლებული უწოდა.  მათი თქმით, გეწაძე რომ დამნაშვე ყოფილიყო, პროკურატურაში პირველივე დარეკვაზე, დაახლოებით საათნახევარში არ გამოცხადდებოდა.  დაცვის მხარე გეწაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების  სახით 10 000 ლარიან გირაოს ან კიდევ საპარლამენტო უმცირესობის, ზესტაფონის საკრებულოსა და ჭიდაობის ფედერაციის  წარმომადგენლების თავმდებობას სთავაზობდა.

საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გეწაძეს 20 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული თანხის გადასახდელად გამგებელს ორი კვირის  ვადა მიეცა. ხოლო  გირაოს თანხის სრულად დაფარვამდე კახა გეწაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დარჩება.

მისი საქმის მოსმენა კი საქალაქო სასამართლოში 2013 წლის 23 იანვარს განახლდება.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე