|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, მთავრობის სახლმა ფუნქციონირება შეწყვიტა

ქუთაისში, მთავრობის სახლმა ფუნქციონირება შეწყვიტა

ქუთაისში, საქართველოს მთავრობის სახლში კანცელარია გაუქმდა. კანცელარიის თანამშრომლის გია ცაცაშვილის თქმით, კანცელარიის გაუქმება რეორგანიზაციის შედეგად მოხდა. კანცელარიაში დასაქმებული 7 ადამიანი კი სამსახურის გარეშე დარჩა.

„ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლში, სადაც  საქართველოს მთავრობის სახლის ადმინისტრაცია იყო განთავსებული, საქართველოს მთავრობის კანცელარიის ერთ–ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფი ფუნქციონირებდა.  მოხდა რეორგანიზაცია, რომლის შედეგად  კანცელარია გაუქმდა. სასიხარულო ფაქტი არ არის, თუმცა  როდესაც რაიმე სტრუქტურა უქმდება, მას შტატების გაუქმებაც მოჰყვება,“ – ამბობს გია ცაცაშვილი.

ქუთაისის მთავრობის სახლის ძირითად ფუნქციას თბილისიდან ჩამოსული სტუმრების მიღება წარმოადგენდა.  ცნობილია, რომ მთავრობის სახლის ფუნქციონირების შეწყვეტასთან  დაკავშირებით  მიღებული გადაწყვეტილება თანამშრომლებმა 30 ნოემბერს შეიტყვეს.    რა დატვირთვას შეიძენს მთავრობის სახლი, სადაც პირველი სხდომის გამართვა ახალი მთავრობის დამტკიცების  დღეს  უკვე  მოასწრო მოქმედმა ხელისუფლებამ, ამ დროისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის სახლი 2011 წლის 22 ნოემბერს გაიხსნა. სახლის თანამშრომლები კი სამუშაოზე  კონკურსის წესით  აიყვანეს.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე