|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2013 წლის ქუთაისის ბიუჯეტის პროგრამების გასაცნობად ბუკლეტები დაარიგეს

დღეს, ქუთაისის მოსახლეობას 2013 წლის ადგილობრივი  ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების შესახებ საინფორმაციო  ბუკლეტები დაურიგდა.

მომავალი წლის ქალაქის  ბიუჯეტის   შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობაზე „საქართველოს ახალგაზრდა ეკონისტთა ასოციაციის“ იმერეთის რეგიონის წარმომადგენლობამ იზრუნა. საინფორმაციო ბუკლეტების  გავრცელება პროექტის  „ჩაერთე შენი ქალაქის მართვაში“  ფარგლებში  განხორციელდა.

„მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით, ვარიგებთ  საინფორმაციო  ბუკლეტებს, სადაც,  2013 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრებია მოცემული. ეს მნიშვნელოვანია, რათა მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია მომავალი წლის ბიუჯეტის მთავარი პარამეტრების  შესახებ“, - განმარტა პროექტის  „ჩაერთე შენი ქალაქის  მართვაში“ დირექტორმა, „ახალგაზრდა ეკონისტთა ასოციაციის“ იმერეთის  წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა პაატა კლდიაშვილმა.

„არასოდეს არ გავცნობივარ ქალაქის ბიუჯეტს. ვფიქრობ, მოსახლეობის ინფორმირებულობა  მნიშვნელოვანია და ამაზე ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა ზრუნავდეს“, - ამბობს ქუთაისში მცხოვრები თალიკო ძნელაძე.

პროექტის ფარგლებში,  ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტის პარამეტრების საინფორამციო ბუკლეტი  სულ 2 000 ეგზემპლარი დაიბეჭდა. ბუკლეტები მოსახლეობას ქალაქის ყველა ტერიტორიულ ორგანოში დაურიგდება.

პროექტს „ჩაერთე შენი ქალაქის მართვაში“ „ახალგაზრდა ეკონისტთა ასოციაციის“ იმერეთის რეგიონის წარმომადგენლობა ახორციელებს. პროექტი მიზანად ისახავს, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობას და მათ გააქტიურებას. ასევე,  ადგილობრივი თვითმმართველობის  ანგარიშვალდებულების ამაღლებას სამოქალაქო მონიტორინგის მიზნით. 

პროექტი ხორციელდება ამერიკელი ხალხის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო  განვითარების სააგენტოს  USAID-ის მხარდაჭერით. 

ავტორი: თეკლა მორგოშია