|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩვენ ერთნი ვართ" - აქცია შშმ პირებისთვის

,,ჩვენ ერთნი ვართ“, – ეს იმ აქციის სახელწოდებაა, რომელიც ქუთაისში, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ დღეს, შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე ბავშვებისთვის გამართა.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნახატები, უნივერსიტეტის ფოიეში იყო წარმოდგენილი.

აქციის ორგანიზატორების თქმით, სუსტი ჯანმრთელობის მიუხედავად, მათი ძლიერი სურვილია, თავი საზოგადოების სრულფასვან წევრებად იგრძნონ.

,,ეს ბავშვები საზოგადოების ისეთივე სრულფასოვანი წევრები არიან, როგორც სხვა დანარჩენი. ბევრი მათგანი ძალიან ნიჭიერია და ხელი უნდა შევუწყოთ, საზოგადოებაში  მათ კიდევ უკეთ ინტეგრირებას,“– განმარტა წერეთლის უნივერისტეტის რექტორმა, გიორგი ღავთაძემ.

,,დღევანდელი დღე გვახსენებს იმას, რომ ვიყოთ ტოლერანტულები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ. ჩვენ სკოლას ჰყავს ასეთი მოსწავლეები. ისინი არაჩვეულებრივად ხატავენ და ბედნიერი ვარ, რომ მათი ნახატების ნახვა დღეს ყველა აქ მყოფს შეუძლია,“– ამბობს მე–9 საჯარო სკოლის ინკლუზიური სწავლების კოორდინატორი, სოფიკო ლიკლიკაძე.

,,ძალიან მიხარია დღევანდელი დღე და ის, რომ ასეთი ყურადღებით გვეპყრობიან“, – ამბობს აქციის მონაწილე, მე – 9 საჯარო სკოლის მოსწავლე გვანცა ფონია.

ღონისძიების დასასრულს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  ბავშვებს სიმბოლურად, სასაჩუქრე პაკეტიც გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. 

ავტორი: ანა ჯანაშია