რას ითხოვენ შშმ პირები?
დღეს, ქუთაისში მცხოვრებმა შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე 80–მდე პირმა ადგილობრივი ხელისუფლებისაგან საჩუქარი მიიღო. ქუთაისის თვითმმართველობის
წარმომადგენლებმა, შშმ პირებს ხორცსაკეპი ელექტრო მანქანები გადასცეს.
,,ტრადიციისამებრ, ყოველ 3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს,
საჩუქრად ვურიგებთ საყოფაცხოვრებო ნივთებს“,
– ამბობს ქუთაისის ვიცე–მერი ნიკო კაჭკაჭიშვილი.
ქუთაისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე შშმ პირებმა ხელისუფლების
წარმომადგენლებს თავიანთი პრობლემებიც გააცვნეს. ,,ყველას მადლობას ვუხდით საჩუქრებისა
და ყურადღებისთვის, მაგრამ ჩვენთვის არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა
გადაწყვეტაც აუცილებელია. მაგალითად, კარგი იქნება, თუ თვითმმართველობა ინვალიდის ეტლით
და ხელჯოხებით უზრუნველგვყოფს,“– განმარტა იმერეთის რეგიონის ინვალიდთა კავშირის თავმჯდომარემ,
ვლადიმერ თორთლაძემ. მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, მერიამ შშმ პირებისთვის
უფასო სატრანსპორტო მომსახურების სერვისი შეიმუშავოს.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, როგორც
ირკვევა, ასევე, მტკივნეული საკითხია უმუშევრობაც.
,,ჩვენ არ ვართ გონებაშეზღუდულები. ჩვენში ბევრი სხვა უნარია, რაც შეიძლება დავხარჯოთ
საზოგადოების სამსახურში. უმუშევრად ყოფნა უფრო ტრაგიკულია ჩემთვის, ვიდრე ის, რომ
თითქმის ვერ ვხედავ. კარგი იქნება, თუ ამ კუთხით,
რაიმე პროგრამაში ჩაგვრთავენ. ასე უფრო სასარგებლოდ ვიგრძნობთ თავს და ჩვენს ცხოვრებას
უკეთესი მოტივაცია ექნება,“– ამბობს ერთ–ერთი ბენეფიციარი ლია თედორაძე.
ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსის,
კახა ქორიძის განმარტებით, შშმ პირების მიერ წამოყენებული პრობლემები დღის წესიგში
დგას.
ავტორი: ანა ჯანაშია