|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრესა არაკომფორტულ გარემოში

3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება, თუმცა საქართველოში არსებული სივრცე მედიის ფუნქციონირებისათვის ბოლომდე კომფორტული არ არის. ამგვარ განცხადებას აკეთებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ვახტანგ მენაბდე.

იურისტის თქმით, ორგანიზაციაში არსებული  ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის საქმიანობა მედიის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარების განზოგადების საშუალებას იძლევა. როგორც მენაბდე ამბობს, ჟურნალისტების მიმართ  პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლისა და საჯარო ინფორმაციის შეზღუდვის ფაქტები ფიქსირდება. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლო დავები მიმდინარეობს.  შედეგად,   სასამართლომდე მისული საქმეების რაოდენობა ბევრია, თუმცა მათი წარმატების ხარისხი საკმაოდ დაბალი.

 „ჟურნალისტებისათვის საქმიანობაში  ხელისშეშლის მაგალითია გასული წლის   26 მაისის მოვლენები. როდესაც მედიის წარმომადგენლებს არ მიეცათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. ჩვენ ამასთან დაკავშირებით საკმაოდ ვრცელი ანგარიშიც წარმოვადგინეთ.  ეს რა თქმა უნდა არ ქმნის საუკეთესო ფონს ჟურნალისტების საქმინობისთვის. რაც ყველაზე პრობლემურია – საჯარო ინფორმაციის მიუწვდომლობა  გახლავთ.  რადგან ჟურნალისტებს პირვველ რიგში ინფორმაცია ესაჭიროებათ  იმისთვის, რომ  შემდეგ მისი ანალიზი მოახდინონ,“  - ამბობს ვახტანგ მენაბდე.  

აღსანიშნავია, რომ ძირითად შემთხვევაში  პროფესიული მოვალეობის განხორციელების კუთხით „დაჩაგრულები“ რეგიონული მედიის წარმომადგენლები არიან. 2 მაისს, ქუთაისობის დღესასწაულზე, როდესაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მესხიშვილის თეატრში საგანგებოდ შეკრებილ ხალხს ხვდებოდა, თეატრში შესვლა ცენტრალური ტელეარხების წარმომადგენლებმა მოახერხერხეს, ხოლო რეგიონული მედიის წარმომადგენლები თეატრის კიბეებზე ელოდნენ პრეზიდენტის სიტვით გამოსვლის დასრულებას. გაზეთ „p.s“–ის ჟურნალისტი, რომელმაც თეატრში შესვლა „ნაციონალებისთვის“ განკუთვნილი სპეციალური საშვით მოახერხა, გარეთ ნაცემი გამოუშვეს. ირაკლი ვაჩივერაძე ცემეს დღესაც,  ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების, შსს მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და პარლამენტის ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის შეხვედრა მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ დღეს, ჟურნალისტისათვის საქმიანობაში ხელისშეშლის ფაქტი ფოთშიც დაფიქსირდა. ინტერნეტ გამოცემა Tspress.ge-ს ჟურნალისტს იზა სალაყაიას პრეზიდენტის ფოთში ვიზიტისას ვიდეოგადამღები და ჩანთა წაართვეს და შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

იურისტი ვახტანგ მენაბდე მიიჩნევს,  რომ   როგორც სატელევიზიო, ისე ბეჭდურ, რადიო თუ ინტერნეტ მედიას მოვლენების გაშუქების  თანაბარი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს. „იმ შემთხვევაში, თუ ლიმიტირებულია ჟურნალისტების დასწრება, ის ჟურნალისტები, რომლებიც  ამ ლიმიტში მოხვდებიან, მკაფიო და ობიექტური კრიტერიუმების შედეგად უნდა იყვნენ შერჩეული და არა სხვა ნიშნით,“ - ამბობს იურისტი. 

ქუთაისში, „ლიმიტში ვერმოხვედრილმა“ ჟურნალისტებმა  ადილობრივ მედიაზე ზეწყოლის ფაქტებს  დღეს, რეაბილიტირებულ ცენტრალურ მოედანზე მდუმარე აქციით უპასუხეს და მედიის თავისუფლება ამ ფორმით მოითხოვეს.

სწორედ პრესის თავისუფლებისა და მისი დემოკრატიული ხასიათის უზრუნველყობას უკავშირდება 3 მაისს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღედ გამოცხადება. ჯერ კიდევ 1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტები ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში რეგიონალურ სემინარზე შეიკრიბნენ. შეხვედრა დამოუკიდებელი და პლურალისტული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ხელშეწყობას შეეხებოდა. მათ მიიღეს ე.წ. "ვინდჰუკის დეკლარაცია", რომლითაც მოუწოდეს ქვეყნების მთავრობებს პრესის თავისუფლების უზრუნველყოფა. ამ სემინარზე მიღებული დოკუმენტის მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ 1993 წლის 21 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, სწორედ 3 მაისს აღენიშნა თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე.

 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე