|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე შვებულებით "სახლში წავიდა"

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს მომავალ წლამდე „დაემშვიდობა“. ხვადაგიანი ამდროისათვის  კუთვნილი შვებულებით  სარგებლობს.

საკრებულოს თავმჯდომარემ შვებულება მიმდინარე წლის  30 ნოემბერს, 30 კალენდარული დღით აიღო. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას, მისი პირველი მოადგილე, ლევან კირკიტაძე ასრულებს.

საკრებულოს აპარატში განმარტავენ,  რომ ხვადაგიანი კანონის შესაბამისად,  კუთვნილი შვებულებით სარგებლობს. „საკრებულოს თავმჯდომარეს ბოლო ორი წელია არ უსარგებლია შვებულებით. ამაში საგანგაშოს ვერაფერს  ვხედავ. როცა დაუმთავრდება  შვებულება გამოვა, აბა სად წავა. საქმეებიდან გამომდინარე, შეიძლება მისი დროზე ადრე გამოძახებაც დაგვჭირდეს“, – ამბობს საკრებულოს აპარატის უფროსი  ვანო ჟორჟოლიანი.

თუ რატომ დაამთხვია  ხვადაგიანმა თავისი კუთვნილი შვებულება ცხელ პოლიტიკურ სეზონს,  საკანონმდებლოს ორგანოს წარმომადგენლები Newpress-თან საუბარში განმარტავენ: “ამას  ცხელ პოლიტიკურ სეზონთან არანაირი კავშირი არ აქვს.  მან კუთვნილი შვებულებით ისარგებლა. შვებულება, რომ დაუმთავრდება,  ჩვეულებრივად გამოვა სამსახურში“, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარის მეორე მოადგილე მერაბ მეშველიანი.

„შვებულებაში გასვლა ჩვეულებრივი მომენტია და ამაში ვერანაირ პოლიტიკურ ქვეტექსტს ვერ ვკითხულობ. წელიწადში ერთხელ შვებულებით სარგებლობა კანონმდებლობით არის დაშვებული. ასე რომ, ეს  არანაირი  პრობლემა არ უნდა იყოს“, – აღნიშნავს ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ტარიელ მესხი.

„არ მაცადოთ დასვენება!  რამე პრობლემაა ჩემი კუთვნილი შვებულებით ვისარგებლო და დავისვენო?!  2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი უკვე ვიცი და მერიას დასამუშავებლად უკან დავუბრუნეთ კიდევაც.  თუ რამე შეკითხვები გაქვთ შეგიძლიათ  საკრებულოს აპარატს მიმართოთ“, – უთხრა  Newpress-ს სატელეფონო საუბრისას ამირან ხვადაგიანმა.  

აპარატის უფროსი ვანო ჟორჟოლიანი განმარტავს, რომ ხვადგიანი შვებულებიდან 2013 წლის 3 იანვარს გამოვა. „მართალია, შვებულება მიმდინარე წლის 30 დეკემბერს უმთავრდება, მაგრამ 1–2 იანვარი დასვენებაა და 3 იანვარს გამოვა“, – ამბობს  ჟორჟოლიანი. მისივე  განმარტებით,  ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში კუთვნილი შვებულებით ამდროისათვის მხოლოდ,  საკრებულოს თავმჯდომარე სარგებლობს.

შეგახსენებთ, რომ  ამირან ხვადაგიანს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა თანაგუნდელებმა,  მიმდინარე წლის 14 ნოემბრს გამართულ საკრებულოს სხდომაზე იმპიჩმენტით შეუნარჩუნეს. 14 ნოემბერს  გამართულ სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობამ მათივე რიგებიდან არჩეული თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი  თავად დააყენეს. თუმცა, შემდეგ საკითხს მხარი არ დაუჭირეს. შედეგად, აღნიშნულ სხდომაზე თანაგუნდელების ერთსულოვნებამ  ხვადაგიანს  საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი მინიმუმ სამი თვით გაუხანგრძლივა. 

ავტორი: თეკლა მორგოშია