ირანული კულტურის დღეები ტანგოს თანხლებით
4 დეკემბერს, ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო
გალერეაში, ირანის კულტურის დღეები გამოფენით გაიხსნა.
ირანული კულტურის დღეები სახელწოდებით „ირანი დღეს“
ქუთაისში 4–დან 7 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ღონისძიებას ორგანიზებას უწევს ირანის
ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურული განყოფილება და ქართულ-ირანული კულტურის ცენტრი.
კულტურის დღეების გახსნას ირანის ელჩი მაჯიდ სამადზადე
საბერი დაესწრო. მას მასპინძლობას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე უწევდა.
ამ უკანასკნელის დარბაზში გამოჩენას საქართველოს ჰიმნი მიეძღვნა, რომელიც მალე ირანის
სახელმწიფო ჰიმნმა შეცვალა. მთელ გამოფენას კი ტანგოსა და მიშელ ლეგრანის ცნობილი კომპოზიციები
გასდევდა მუსიკალურ ლაიტმოტივად.
ევროპულ-ლათინოამერიკული მოტივების ფონზე დამსწრე პუბლიკას
საშუალება ჰქონდა ეხილა სპარსული ნაკეთობები, ლიტერატურა, სხვადასხვა ენებზე გამოცემული
სპარსული წიგნები, ასევე ფოტომასალა, რომელიც ირანის დღევანდელობას და ისტორიულ ძეგლებს
ასახავდნენ.
წარსულსა და დღევანდელობას შეეხნენ გამომსვლელებიც,
რომელთაც ქართულ-ირანულ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე ისაუბრეს. იმ ბევრ საერთო წერტილზე,
რაც ამ ორ უძველეს ერს გააჩნია.
ირანის ელჩმა კულტურული სიახლოვისა და მეტი ინფორმაციის
ქონის აუცილებლობაზე ისაუბრა. რომ ამ ურთიერთობებში მარტო ქვეყნის მთავარი ქალაქი არ
უნდა იყოს ჩართული და რეგიონებიც აქტიურად უნდა ჩერთნონ დაახლოების პროცესში. ელჩმა
სიტყვის ბოლოს ყველა ირანში მიიწვია.
„ირანული კულტურული დღეების გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია
ჩვენთვის, რადგან ყველას მოეხსენება, რომ ირანული კულტურა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ნაკადი მსოფლიო კულტურაში. ირანი არის ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი აკვანი, ძალიან
ახლობელი ქართველებისათვის. ჩვენ გაგვაჩნია დაახლოებით 30 საუკუნოვანი ურთიერთობები,
კულტურული წიაღსვლები, ურთიერთგამდიდრებები. დიდი პატივია, რომ ქუთაისში ირანული კულტურის
დღეები იმართება“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
კულტურის დღეები ხვალ ირანული ფილმის ჩვენებით გაგრძლედება,
რომელიც 14:00 საათზე მესხიშვილის თეატრში გაიმართება.
6 და 7 დეკემბერი კი ირანულ ლიტერატურას დაეთმობა.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი