ეკა ბესელია: „დიდი სირცხვილი ჩამოვრეცხეთ საქართველოს“
საქართველოს პარლამენტმა 77 ხმით 14-ის წინააღმდეგ პოლიტპატიმრებისა
და პოლიტდევნილების სია დაამტკიცა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა
ბესელიას შეფასებით, მან კოლეგებთან ერთად შეასრულა ის ვალდებულება, რომელიც ციხეში,
უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანების მიმართ ჰქონდა აღებული.
„ძალიან ამაყი ვარ. ჩვენ დიდი სირცხვილი ჩამოვრეცხეთ
საქართველოს რომ პოლიტპატიმრები აღარ ეყოლება.
ჩვენ ყველა მათგანს უახლოეს დღეებში გავათავისუფლებთ. ეს არის ის ძალიან საპასუხისმგებლო
და ღირსეული გადაწყვეტილება, რომლისთვისაც პირადად ღირდა რომ მე დღეს პარლამენტის წევრი
ვარ,“ - განაცხადა ბესელიამ.
პოლიტპატიმართა სიის დამტკიცებას პარლამენტში რამდენიმესაათიანი
განხილვა და უმრავლესობა-უმცირესობას შორის
ცხარე დებატები უძღოდა.
უმცირესობის წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი აცხადებდა,
რომ პოლიტპატიმრების სიაში უმრავლესობამ ტერორისტები შეიყვანა. ჩიორა თაქთაქიშვილი კი მიიჩნევდა, რომ ის დეპუტატები, რომლებიც მხარს
დაუჭერდნენ პოლიტპატიმრების სიას, ვერ აიღებდნენ პასუხისმგებლობას იმ პირებზე, რომლებიც
სიაში არიან.
„ამ სიაში ჩვენ ვიხილეთ ჯაშუშობაში, შეიარაღებულ ამბოხებაში ბრალდებული პირები, ნეონაცისტური
ორგანიზაციის წარმომადგენლები. თუ კი პარლამენტი დაამტკიცებს ასეთ სიას, ეს იქნება
უდიდესი სირცხვილი არამარტო პარლამენტისთვის, არამედ მომავალი თაობებისათვისაც,“ -
განაცხადა თაქთაქიშვილმა პარლამენტის სხდომაზე.
უმცირესობის წარმომადგენელი იმასაც აღნიშნავდა, რომ 215 კაციან სიაში მოხვედრილი პირებიდან 167 ადამიანს
ეკა ბესელიას საადვოკატო კომპანია იცავდა. თაქთაქიშვილის განცხადებით, აღნიშნული პირების
სია ბესელიას საადვოკატო კომპანიის ვებ-გვერდზეც იყო განთავსებული.
თავის მხრივ, ეკა ბესელიამ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების
პოლიტპატიმრების სიაში მოხვედრა უარყო და გავრცელებულ ინფორმაციას სისულელე უწოდა.
„ასეთ სისულელეზე როგორ უნდა უპასუხო. ეს პირები არც
ერთი არ იყო ჩვენი დასაცავი. პოლიტპატიმრების
სიას არა მარტო ჩვენს საიტზე, არამედ ყველა საიტზე ვათავსებდით. ყველაფერ სისულელეზე
ხომ არ შეიძლება ლაპარაკი? ჩვენ, ვისაც გული შეგვტკიოდა და ვიბრძოდით პოლიტპატიმრების გათავისუფლებისათვის, სულ ვაქვეყნებდით
ამ სიას. არა მარტო საიტზე ვათავსებდით, არამედ ყველგან ვაგზავნიდით. არც ერთი ადამიანი
არ არის, ვინც პირადი განწყობით მოხვდა ამ სიაში,“ - ამბობს ეკა ბესელია.
პარლამენტის
მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილი აღმოჩნდა პოლიტპატიმრებისა და დევნილთ სიაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ნანა კაკაბაძე.
მისი თქმით, პოლიტპატიმრების აღიარება დღევანდელი
ხელისუფლების სერიოზულ გამარჯვებას წარმოადგენს.
„ყველაფერი რომ დამეთმო, არ დავთმობდი იმას, რომ არ
მომხდარიყო ამ ფაქტის აღიარება. მე დღეს გამარჯვებული ვარ ჩემს პატიმრებთან ერთად.
პოლიტპატიმრების აღიარების პარალელურად, მოხდა უზარმაზარი რამ, რომ დღეს დაიდო პირდაპირი
საბრალდებო დასკვნა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. პარალმენტმა აღიარა, რომ ქვეყანაში
ხდებოდა პოლიტიკური დევნა და იყვნენ პოლიტიკური პატიმრები,“ - ამბობს ნანა კაკაბაძე.
მისი თქმით, ყველა დევნილი და წინა ხელისუფლებისგან
შევიწროვებული პირი ვერ მოხვდა სიაში, რადგან სამუშაო ჯგუფმა ვერ შეძლო ყველა პატიმრის
საქმის შესწავლა.
„მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება და არავინ არ დარჩება
გულნაწყენი,“ - ამბობს კაკაბაძე.
პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ხელისუფლება ამნისტიით
გეგმავს. ამნისტიის პროექტს დეპუტატები 7 დეკემბერს, პარლამენტის სესიაზე უყრიან კენჭს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე