|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხელისუფლება ყველა ბრალდებულისათვის ამნისტიის ჰუმანურობის პირობას იძლევა

პარლამენტის კომიტეტებში  „ამნისტიის შესახებ“  კანონპროექტს განიხილავენ. ცნობილია, რომ  ამნისტია ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით ბრალდებულებს შეეხება.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის ეკა ბესელიას თქმით,  იმ პირებს,  რომლებზედაც  ამნისტია არ განხორციელდება, სასჯელი შეუმსუბუქდებათ. სასჯელის შემსუბუქება  იქედან გამომდინარე ხდება, რომ პატიმრებს მძიმე, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ პირობებში უხდებოდათ  ყოფნა.

„მიმდინარე წლის  2 ოქტომბრამდე ჩადენილ  დანაშაულზე პატიმრებს  შევუმსუბუქოთ სასჯელი იმის გამო, რომ ძალიან მაღალი სასჯელები იყო გამოყენებული ბოლო წლებში. ყველაზე დაბალი არის 15 წელი. სასჯელის შემსუბუქება საჭიროა, რათა  ყველა ბრალდებულმა მაქსიმალურად იგრძნოს რომ  ამნისტიის ჰუმანურობა  მასაც შეეხო,“ - ამბობს ეკა ბესელია. 

გარდა ამისა, ბესელიას თქმით, ამნისტია უნდა ითვალსწინებდეს მაქსიმალურ ჰუმანურობას არასრულწლოვნების მიმართ.  კანონპროექტის ავტორი მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან უნდა გათავისუფლდნენ.  ხოლო სასჯელის განახევრება შესაძლებელია  იმ მუხლით ბრალდებულებს შეეხოთ, რომელთა გათავისუფლება საზოგადოებისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს. 

ამნისტიის  პროექტის მიხედვით, არსებობს ბრალდებულების ხუთი კატეგორია, რომლებსაც   ამნისტია არ ეხება. ეს არის  განზრახ მკვლელობა, მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში,  გაუპატიურება, ტერორიზმი და ის მუხლები,  რომლებზედაც  სასჯელის სახით შეიძლება  უვადო თავისუფლების აღკვეთა დაინიშნოს.

 „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მე-19 მუხლი დაემატა, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის მიერ პოლიტპატირმებისა და დევნილთა 215 კაციან  სიაში მყოფი პირები პოლიტიკური ამნისტიით გათავისუფლდებიან. პროექტის ახალ მუხლში აღნიშნულია, რომ ის ადამიანები, რომელთაც პარლამენტის დადგენილებით მინიჭებული აქვთ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებლივად დევნილი პირის სტატუსი, თავისუფლდებიან სისხლისსამართლებლივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

ამნისტიის პროექტში ახალი მუხლის დამატებას ეწინააღმდეგება უმცირესობა. ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, პოლიტპატიმრების სია პარლამენტმა ყოველგვარი კანონის არსებობის გარეშე დაამტკიცა. ამიტომ,  თაქთაქიშვილი მიიჩნევს, რომ  პროექტში აღნიშნული მუხლის დამატება ანტიკონსტიტუციურია.  

ამნისტიის შესახებ კანონპროექტს დეპუტატები ხვალ, პლენარულ სესიაზე გაიტანენ. რაც შეეხება იმ პირთა რაოდენობას, რომლებსაც ამნისტია შეეხება, კანონპროექტის ავტორები შეგნებულად  არ ასახელებენ. თუმცა ცნობილია, რომ წინასწარი ინფორმაციით, ამნისტიით 8 500-მდე ბრალდებული ისარგებლებს.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე