|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნაციონალების“ განცხადებით, უჩა ნანუაშვილს სახალხო დამცველობა სოზარ სუბარმა დაავალა

სახალხო დამცველობის კანდიდატთან შეხვედრისას საპარლამენტო უმცირესობა უჩა ნანუაშვილის პარტიული კუთვნილებითა და „ქართული ოცნებიდან“ აღებული ანაზღაურებით  დაინტერესდა.

„წინასაარჩევნო პერიოდში თქვენ ჩართული იყავით „ქართული ოცნების“  ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჯგუფში. რა ანაზღაურება აიღეთ აქედან და  ხომ არ გიქმნით უხერხულობას ის ფაქტი, რომ ომბუდსმენად კენჭისყრას თქვენ სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი გთხოვთ? და იმ ადამიანის მითითებით ინიშნებით სახალხო დამცველად, ვისი საქმიანობაც უნდა აკონტროლოთ,“- მიმართა ნანუაშვილს გოკა გაბაშვილმა.

ნანუაშვილის განცხადებით, კოალიციის ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჯგუფში ის დამოუკიდებელ ექსპერტად იყო მოწვეული და ის არც ერთი პარტიის პოლიტიკური გუნდის წევრი არ ყოფილა.

„მე მზად ვარ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას იგივე დახმარება  უსასყიდლოდ გავუწიო. სოზარ სუბარი მე მანამდე დამიკავშირდა, ვიდრე ის მინისტრი გახდებოდა. მე არ მიმაჩნია, რომ რაღაც გავლენა შეიძლება ჰქონოდა ყოფილი ომბუდმენის შემოთავაზებას. მე  გარკვეული დრო დამჭირდა საბოლოოდ  ჩამოყალიბებისათვის და არც ერთ თანამდებობის პირს ამაში როლი არ შეუსრულებია,“ - ამბობს უჩა ნანუაშვილი.

უმცირესობის წარმომადგენლებისა და სახალხო დამცველის კანდიდატს შორის შეხვედრა ამ წუთებშიც გრძელდება. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე