|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გამოცდების ეროვნული ცენტრი: "ინფორმაციის მისაღებად სამინისტრო ასეთი ღია არასოდეს ყოფილა"

დღეს, ქუთაისის #1 საჯარო სკოლაში საქართველოს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა ბერიძე ქუთაისის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა. ბერიძემ მომავალ წელს ჩასატარებელ გამოსაშვებ, უმაღლეს სასწავლებელში მისაღებ და მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებზე ისაუბრა.

როგორც გაირკვა, საქართველოს განათლების სამინისტრომ 8+1 საგამოცდო სისტემაზე უარი თქვა, მაგრამ სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები საგამოცდო სფეროს არ შეეხება.

რაც შეეხება მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებს, ივა ბერიძის ინფორმაციით, გამოცდების ეროვნული ცენტრში სასერთიფიკაციო გამოცდების გადახედვა იგეგმება, თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილებები არც ამ კუთხითაა მოსალოდნელი.   

გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ქუთაისელ პედაგოგებს დაჰპირდა, რომ მათ მიერ წერილობით ჩამოყალიბებულ კითხვებს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორამდე და განათლების სამინისტროს კომპეტენტურ პირებამდე აუცილებლად მიიტანს.

„ინფორმაციის მისაღებად განათლების სამინისტრო ასეთი ღია არასოდეს ყოფილა. თითოეული ეს წერილი აუცილებლად განხილული იქნება სამინისტროს კომპეტენტური პირების მიერ,“ – განაცხადა ივა ბერიძემ. 

თუმცა, ქუთაისელ მასწავლებელთა უმეტესობამ დღევანდელი შეხვდერით უკმაყოფილება გამოხატა. მათი მოლოდინი, რომ შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში ჩაივლიდა, არ გამართლდა.

„ველოდებოდი კონკრეტრიკას თითოეულ მტკივნეულ საკითხზე – მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე, რატომ უნდა იყოს ბერკეტი სერტიფიკატი იმ მასწავლებლისთვის, ვისაც  გაცილებით უკეთესი შესაძლებლობები აქვს, ან რატომ უნდა იყოს გათანაბრებული დაწყებითის მასწავლებელი ინგლისური ენის პედაგოგთან, რაზეც, საწუხაროდ, კონკრეტული პასუხები ვერ მივიღეთ,“ – განაცხადა ქუთაისის მე–7 საჯარო სკოლის პედაგოგმა ლია იობიძემ.

ავტორი: დეა მანაგაძე