|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თეატრის მმართველის პოზიცია უქმდება

საქართველოს კანონში "საქართველოს სახელმწიფო თეატრების შესახებ” ცვლილებებია მოსალოდნელი.  ცვლილებები  შეეხება თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებებისა და პასუხისმგებლობების გაზრდას. შესაბამისად თეატრის მმართველის პოზიცია უქმდება.

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძე, ამ გადაწყვეტილებაში სხვა კვალს ხედავს და მოსალოდნელ ცვლილებას რეჟისორ რობერტ სტურუას ულტიმატუმის პასუხად მიიჩნევს. აღნიშნული ულტიმატუმის მიხედვით სტურუა რუსთაველის თეატრში იმ პირობით დაბრუნდება, თუკი მას სამხატვრო ხელმძღვანელობასთან ერთად, მმართველის პოზიციასაც ანდობენ.

„ჩემი აზრით,  ეს არის პასუხი ბატონ რობერტ სტურუას ულტიმატუმზე, რომელიც მან წაუყენა კულტურის სამინიტროს,  რომ ის დაბრუნდება რუსთაველის თეატრში, არა როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი, არამედ როგორც მმართველი. კულტურის სამინისტრომ მოახერხა და სტურუას დაუბრუნა ეს თანამდებობა, მაგრამ კანონმდებლობა არ აძლევდა სამინისტროს ამის საშუალებას.  ამიტომ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ თეატრის  მმართველის პოზიცია საერთოდ გაუქმდეს და თეატრის ერთპიროვნული მმართველი სამხატვრო ხელმძღვანელი გახდეს. ეს ცვლილება  ყველა სახელმწიფო თეატრს შეეხება, თუმცა ჩვენ გვგონია, რომ ეს ინიციატივა ბატონ რობერტ სტურუაზე არის მორგებული,“ - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე. 

კანონპროექტი დღეს უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ წარმოადგინა განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე.უმრავლესობა აღნიშნულ ცვლილებებს მხარს უჭერს. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი